ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოხატავს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაღუპულების ახლობლებს თანაუგრძნობს.
„გულწრფელად თანავუგრძნობთ საქართველოში, ნახშირის საბადოზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული ექვსი მეშახტის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – წერია განცხადებაში, რომელიც ლიტვის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.