ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ 10 ნომინაციიდან 5-ის ფინალისტები დაასახელა
ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ 10 ნომინაციიდან 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, სექტემბერში გასაჯაროვდება. რაც შეეხება დანარჩენ 4 ნომინაციას, მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ორგანიზატორების განცხადებით, წელს „საბა“ ყველაზე განსხვავებული იქნება – დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა განაპირობა.
ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში გაიმართება. ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება.