2019 წლის „საბას“ ლიტერატურული კონკურსისთვის ავტორებს წიგნების წარდგენა დღეიდან შეეძლებათ
2019 წლის „საბას“ ლიტერატურული კონკურსისთვის ავტორებს წიგნების წარდგენა დღეიდან შეეძლებათ

ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ მეჩვიდმეტე კონკურსი სხვადასხვა სიახლით დაიწყო. გაიზარდა „საბას“ საპრიზო ფონდი. გამარჯვებული ავტორები ცხრა ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

ცვლილებებია ჟიურის შერჩევის წესშიც. ჟიურის შემადგენლობას „საბას” საკონსულტაციო საბჭო დაამტკიცებს, რომელშიც შედიან „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, „ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი“, „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ჟიურის ვინაობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

შარშან, ფრანკფურტის კონტექსტიდან გამომდინარე, პრემია არ გაცემულა ნომინაციებში „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ჟიური წელს განიხილავს 2017 და 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკას.

კონკურსზე წიგნების წარდგენა ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge განაცხადების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 10 ნომინაციაში გამოავლენს:
1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
10. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ „თიბისი“-მ 2002 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები თუ ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის ფრანკფურტში გამართვამ ​კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო სექტემბერში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.