ლიეტუვას პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას ვიდეომიმართვები იძულებით ჩააწერინეს
ბელარუსული სააგენტო Tut.by სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებას ავრცელებს.
ლიეტუვას პრეზიდენტი თვლის, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას ვიდეომიმართვები იძულებით ჩააწერინეს.
„საღ აზრზე მყოფი არც ერთი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ სვეტლანა ციხანოსვკაიამ ეს ვიდეო ნებაყოფლობით ჩაწერა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ მეთოდებს იყენებენ ადამიანის და ერის სულისკვეთების გასატეხად. ამ მცდელობებს ბოლო კვირების განმავლობაში ვაკვირდებით“, – წერს გიტანას ნაუსედა.
შეგახსენებთ, ინტერნეტში ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას ვიდოემიმართვები გავრცელდა.
პირველად გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ციხანოვსკაია აცხადებს, რომ არავის უსურვებს ისეთი არჩევანის წინაშე დადგომას, რომლის წინაშეც თავად აღმოჩნდა.
მოგვიანებით, კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ციხანოვსკაია დაწერილ ტექსტს კითხულობს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, აღარ გავიდნენ ქუჩებში, გამოიჩინონ კეთილგონიერება და პატივი სცენ კანონს.