ლიდერების მატჩი ტორონტომ მოიგო - გოლდენ სტეიტმა პორტლენდში წააგო

დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

დღის ცენტრალურ მატჩს, „ეირ კანადა ცენტრმა“ უმასპინძლა, სადაც ტორონტორეპტორზმაჰიუსტონროკეტსი“ მიიღო. ეს გუნდები საკუთარ კონფერენციებს ლიდერობენ და აქედან გამომდინარე, დაპირისპირებამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ. ერთ ეპიზოდში, კანადური კლუბის უპირატესობამ 19 ქულასაც მიღწია. „რეპტორზსსკაილ ლოურიმ ულიდერა, რომელმაც 30 ქულა ჩაიწერა აქტივში. თამაშის ბოლოს, სტუმრები გააქტიურდნენ და ჯეიმს ჰარდენის ზუსტი სამქულიანის წყალობით, ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს (102-102).

ჰარდენმა თამაში 40 ქულით დაასრულა. ამის მიუხედავად, დარჩენილ წუთნახევარში ტორონტოელებმა მცირე სპურტი მოაწყვეს და საბოლოოდ, 108-105 გაიმარჯვეს და ჰიუსტონის 17-მატჩიან წაუგებელ სერიას დაუსვეს წერტილი.

ამ შედეგის მიუხედავად, ორივე გუნდი კვლავ ინარჩუნებს საკუთარ კონფერენციებში პირველობას.

ჰიუსტონის მსგავსად, თავისი შეხვედრა წააგო გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“, რომელმაც გასვლაზე პორტლენდთან განიცადა მარცხი, ანგარიშით 108-125.

სტუმრებს სტეფ კარი ვერ დაეხმარა, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ლიდერობა კევინ დიურანტმა აიღო თავის თავზე და 40 ქულა ჩააგდო. ზაზა ფაჩულიას კი ბოლო პერიოდში სულ უფრო ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.

ამჯერად, ქართველმა კალათბურთელმა ექვსი წუთი და 21 წამი დაჰყო მოედანზე და მხოლოდ ერთი მოხსნის გაკეთება მოასწრო.

რაც შეეხება პორტლენდს, ამ გუნდში კვლავ უკანახაზელები გამოირჩნენ, მაკოლუმი-ლილიარდის ტანდემმა, საერთო ჯამში, 58 ქულა მოაგროვა და სწორედ ამ ორმა მოთამაშემ განაპირობა დიდწილად მასპინძელთა წარმატება.

ტრეილ ბლეიზერსმა“ ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.