ენტონი დევისმა ტრავმა მიიღო, „გოლდენ სტეიტმა“ „ლეიკერსთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [ვიდეო] #1TVSPORT
ენტონი დევისმა ტრავმა მიიღო, „გოლდენ სტეიტმა“ „ლეიკერსთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გრძელდება კონფერენციების ნახევარფინალური ეტაპი. „გოლდენ სტეიტმა“ სერიის მეხუთე თამაშში საკუთარ მოედანზე “ლეიკერსს“ უმასპინძლა, 121:106 გაიმარჯვა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა – 2:3.

პირველი ტაიმის შემდეგ „გოლდენ სტეიტი“ 11 ქულიანი უპირატესობით გავიდა წინ და სხვაობა მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში შეინარჩუნა. მატჩის საუკეთესო ბომბარდირი სტეფ კარი გახდა (27 ქულა), ხოლო „ლეიკერსის“ მხრიდან გამორჩეული ლებრონ ჯეიმსი იყო (25 ქულა, 9 მოხსნა).

კალიფორნიელებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მატჩის ბოლო მეოთხედი. თამაშის დასრულებამდე 7:36 წუთით ადრე „ლეიკერსის“ მძიმე ფორვარდს, ენტონი დევისს სახეში კევონ ლუნის იდაყვი მოხვდა, რის გამოც თამაშის დატოვება მოუწია. ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა დევისი მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც 13 მაისს „ლეიკერსის“ საშინაო არენაზე გაიმართება.

სერიაში ჩამორჩენა შეამცირა (2:3) „ნიუ იორკ ნიქსმაც“. ნიუ იორკელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩში საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ 112:103 გაიმარჯვეს.

შეხვედრის გმირი „ნიქსის“ უკანახაზელი ჯეილენ ბრანსონი გახდა (38 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი). „მიამიში“ გამორჩეული არავინ ყოფილა. ჯიმი ბატლერმა 19 ქულა დააგროვა, ხოლო ბემ ადებაიომ – 18. სერიის მორიგი დაპირისპირება 13 მაისს მაიამიში შედგება.