NBA | მოქმედმა ჩემპიონმა, „დენვერ ნაგეტსმა“ ახალი სეზონი „ლეიკერსთან“ გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023/2024 წლის რეგულარული სეზონი დაიწყო. პირველ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი „დენვერ ნაგეტსი“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და 119:107 გაიმარჯვა.

თამაშში საუკეთესო იყო „დენვერის“ სერბი ცენტრი, გასული სეზონის ფინალების უძვირფასესი მოთამაშე (MVP) ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 29 ქულა, 13 მოხსნა, 11 შედეგიანი პასი.

„ლეიკერსის“ შემადგენლობიდან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა ლებრონ ჯეიმსმა, მის ანგარიშზე 21 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი იყო. აღსანიშნავია, რომ ლებრონი ამჟამად NBA-ში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა. 38 წლის ჯეიმსმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 21-ე სეზონი დაიწყო.

გამთენიისას ასევე შედგა „გოლდენ სტეიტ უორიორსისა“ და „ფინიქს სანსის“ შეხვედრაც, რომელში გამარჯვებაც „ფინიქსს“ დარჩა, არიზონელებმა სტუმრად 108:104 მოიგეს.

„ფინიქსის“ რიგებში 32 ქულით გამოირჩა დევინ ბუკერი, 18 ქულა ჰქონდა კევინ დურანტს. რაც შეეხება „გოლდენ სტეიტს“, გუნდს სტეფ კარიმ 27 ქულით ულიდერა, ხოლო კლეი ტომფსონმა 15 ქულა ჩააგდო.

ხვალ, 26 ოქტომბერს სეზონს სხვა გუნდებიც გახსნიან, მათ შორის გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ და სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“.