ლიბიის საკითხზე ბერლინის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა
ლიბიის საკითხზე ბერლინის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა

ლიბიის საკითხზე ბერლინის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა ლიბიის დროებით აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდეს, ყველაფერი გაკეთდეს, რომ დეკემბრის ბოლოს დაგეგმილი არჩევნები თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს.

„კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად, როგორც ლიბიის სუვერენიტეტის კონსოლიდაციისა და აქამდე მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად, ასევე მოქალაქეებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის აღსადგენად. 24 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა შედგეს იმ შეთანხმებული საგზაო რუკის მიხედვით, რომელიც 2020 წლის ნოემბერში, ტუნისში, „ლიბიის პოლიტიკური დიალოგის ფორუმზე“ იქნა მიღებული და საბოლოო შედეგები მისაღები უნდა იყოს ყველასთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, აუცილებელია საკონსტიტუციო და საკანონმდებლო შეთანხმებების მიღება, ასევე უცხოური ჯარების და დაქირავებულების გასვლა ლიბიის ტერიტორიიდან და ამასთან, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის რეფორმირება, ერთიანი სამოქალაქო უფლებამოსილებისა და კონტროლქვეშ მოქცევის გზით.

„ქვეყნის მასშტაბით რესურსების გამჭვირვალე და სამართლიანი გადანაწილება უნდა იქნას უზრუნველყოფილი. მოგვარდეს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის საკითხები. ლიბიაში დაიწყოს შიდა, ყოვლისმომცველი ეროვნული შერიგებისა და გარდამავალი სამართლიანობის პროცესი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონფერენციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, თავი შეიკავონ ლიბიის კონფლიქტსა და მის შიდა საქმეებში ჩარევისგან და ყველა საერთაშორისო მოთამაშეს იგივე მოუწოდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიისა და ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ თურქეთი და რუსეთი ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ძალების ეტაპობრივ გაყვანას გაგებით უნდა მოეკიდონ.

ბერლინში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ: გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი (აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი), იტალია, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები.

ლიბიის საკითხზე პირველ კონფერენციას გერმანიამ 2020 წლის იანვარში უმასპინძლა.