ლევან ნატროშვილი - ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ცესკო-ს დაკომპლექტებისას რამდენიმე ვარიანტი იყოს გათვალისწინებელი, მათ შორის პროფესიული ნიშნით შერჩევა
ჩვენ და საია-ს ცესკო-ს დაკომპლექტების საკითხზე ცოტა განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ვფიქრობთ, რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს. ერთი ვარიანტი ისაა, რომ მხოლოდ პროფესიული ნიშნით მოხდეს დანიშვნა. მაგრამ იქ ჩადებული უნდა იყოს მექანიზმები, რომ მართლაც, პროფესიული ნიშნით შეირჩეს და არა ისე, როგორც დღეს ხდება, როცა ისინი რეალურად, პროფესიული ნიშნით კი არ არიან შერჩეულნი, მიკერძოებულები არიან, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ეს ვერ გასწორდება, ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას აჯობებს, ისევ შერეული სისტემა დარჩეს.
„ვერ ვხედავთ, რომ წარმოდგენილი წინადადება რაიმეს აგვარებს ამ მხრივ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რისკები კვლავ არსებობს და მოგვარების გზა როგორი იქნება, ამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი აზრით, თუ ეს ვერ გასწორდება, ლოგიკურია, ისევ დავტოვოთ შერეული, უბრალოდ, პარიტეტულ საწყისებზე, თითო პარტიამ თითო წარმომადგენელი დანიშნოს და არა – სამი.
აქ მეორე პრობლემაც არის, ინარჩუნებენ თუ არა არსებული კომისიები უფლებამოსილებებს. დღეს რაც შემოგვთავაზეს არის, რომ მხოლოდ პარტიების დანიშნულ წევრებს შეუწყდებათ უფლებამოსილება და პროფესიული ნიშნით დანიშნულებს – არა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ადგილობრივი არჩევნები უნდა ყოფილიყო ორიენტირი, რაზეც ვერ მოვისმინეთ ჩამოყალიბებული პოზიცია პარტიების მხრიდან. მაგრამ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ასე არ არის და თუ არსებული კომისიები შეინარჩუნებენ უფლებამოსილებებს, გამოვა, რომ მხოლოდ პარტიების დანიშნული წევრები არ იქნებიან, ეს რამდენად მოაგვარებს პრობლემას, უნდობლობის კუთხით, რაც დღეს არსებობს, დიდი კითხვის ნიშანია, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.