ლევან კობერიძე - კარგი იქნება, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ პარტნიორის გზავნილები ერთნაირად წავიკითხოთ და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავიგდოთ თავი
ლევან კობერიძე - კარგი იქნება, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ პარტნიორის გზავნილები ერთნაირად წავიკითხოთ და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავიგდოთ თავი

დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ძალიან მკაფიო და გასაგებია.

„პოზიცია-ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯები წინ გადაიდგას. რაც შეეხება შენიშვნებს, რომელიც ძალიან მკაფიოდ და მკაცრად არის დაწერილი ტონალობის თვალსაზრისით, ძალიან კარგი იქნება, თუ კი ხელისუფლება არ დაიწყებს თავისებური ამოკითხვის მეთოდის გავრცელებას და ძალიან მკაფიოდ იტყვის, რომ მათთვის გასაგებია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შენიშვნები და მინიშნებები, ოპიზიციასთან ერთად ეცდება, ქვეყანაში პროცესები უკეთესად წარმართოს“ ,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

კობერიძის თქმით, კარგი იქნება, თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სტრატეგიული პარტნიორის გზავნილებს ერთნაირად წაიკითხავს.

„ყველაზე კარგი, რაც ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ ხელისუფლებას, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთნაირად წავიკითხით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის გზავნილები და არ ჩავიგდოთ თავი რაღაც უხერხულ მდგომარეობაში. ამ შემთხვევამ დაგვანახა, რომ ოპოზიციამ უფრო კარგად იცის ინგლისური, ვიდრე პოზიციამ“,- აღნიშნა ლევან კობერიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.