ლევან კობერიძე - „ქართული ოცნების“ პროგრამა ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია და სარჩევიც კი არ აქვს
ლევან კობერიძე - „ქართული ოცნების“ პროგრამა ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია და სარჩევიც კი არ აქვს

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია და სარჩევიც კი არ აქვს, – ასე უპასუხა ​„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას განცხადებას, რომლემაც აღნიშნა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ პროგრამა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს გავს“.

„მგონი, დოკუმენტის წაკითხვა ეზარებათ. ამ შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ცოტა მოსწავლის პოზიციას მაგონებს, ზაფხულის არდადეგებზე წიგნის წაკითხვას რომ დაავალებდნენ, მხოლოდ სარჩევს გადაავლებს თვალს და ამის მიხედვით ცდილობს, წიგნზე ისაუბროს. დოკუმენტი შინაარსობრივად აბსოლუტურად სრულყოფილია. კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკის კომიტეტი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები ეკონომიკური გუნდიდან მას წაიკითხავენ, შეისწავლიან და შინაარსობრივად გაეცნობიან. დიდი სიამოვნებით ვიღებთ მის ამ გამოწვევას პარტია „ლელო“. მზად ვართ, ეკონომიკური მიმართულებით დებატებისთვის რომან კაკულიასთან. დაასახელოს ადგილი, ტელევიზია, ფორმატი, რომელშიც ის მზად იქნება, რომ შემოვიდეს დისკუსიაში. ჩვენ მზად ვართ საგნობრივი, შინაარსიანი და არა ასეთი ზედაპირული განცხადებებისთვის. ამიტომ მას დებატებში ვიწვევთ”, – განაცხადა მან.

ამასთან, ლევან კობერიძემ „ქართული ოცნების“ გუნდის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გუნდის პროგრამას, სჯობს იმაზე დაფიქრდეს რომან კაკულია, როგორც ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე და „ოცნების“ გუნდის წარმომადგენელი, რომ მათი პროგრამა საერთოდ ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია და მას სარჩევიც კი არ აქვს ჯერჯერობით გაკეთებული. დღეს, რაც ეკონომიკაში, ლარის კურსთან მიმართებით ხდება, მათ შორის, რომან კაკულიას პასუხისმგებლობაც არის, როგორც ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის. დღეს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ეკონომიკასთან მიმართებით არის, ამის შედეგია სწორედ ლარის კურსი, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და კორუფციაც, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.