„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მათი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფენ პროცესის მართვას სასწავლო წლის დაწყებასთან მიმართებით.

როგორც მათ აღნიშნეს, შემუშავებული აქვთ კრიზისისგან გამოსვლის კონკრეტული გეგმა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ.

„რეალობაში ვხედავთ, რომ ჯანდაცვის, განათლების სამინისტროები და მთლიანად მთავრობა ვერ უზრუნველყოფენ თანმიმდევრულ პოლიტიკას და იმ რეკომენდაციების აღსრულებას, რაც აუცილებელია სწავლის პროცესის დაწყებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაციები და ბრძანებაში საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი ქმედებები, მაინც ვერ მოხერხდა 15 სექტემბერს დაანონსებული სასწავლო პროცესი დაწყებულიყო. ამის მაგალითია ის, რომ წინასწარი ტესტირებები საჭირო დროით ადრე არ იყო გაკეთებული პედაგოგებისთვის. „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფი მივმართავთ ხელისუფლებას, ვთავაზობთ გარკვეულ რეკომენდაციებს, რათა ეს საკითხი სისტემურად გადაწყდეს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ვატო სურგულაძის თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება, რაც გაწერილია მთავრობის მიერ მითითებულ რეკომენდაციებში.

„ყველა მასწავლებელს უნდა გაუკეთდეს ტესტი, ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს ექიმი, უნდა მოხდეს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება, უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი“, – განაცხადა სურგულაძემ.