„ლელომ“ და „რეფორმების ჯგუფმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მოსმენის სურვილი გამოთქვეს
„ლელომ“ და „რეფორმების ჯგუფმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მოსმენის სურვილი გამოთქვეს

„ლელომ“ და „რეფორმების ჯგუფმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მოსმენის სურვილი გამოთქვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ამ საკითხს პარლამენტის სესიაზე კენჭს აღარ უყრიან.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „ლელოს“ გადაწყვეტილი აქვს, ისარგებლოს უფლებით და მოუსმინოს კანდიდატებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით, მინდა, გაცნობოთ, პირველ რიგში, რომ „ლელოს“ გადაწყვეტილი აქვს, ისარგებლოს უფლებით და მოუსმინოს კანდიდატებს. ვაცნობიერებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს კენჭისყრაზე ეს საკითხი ვერ გამოვა. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა, ეს საკითხი თებერვლის დასაწყისში დადგეს კენჭისყრაზე, თუ იანვარში კიდევ არ იქნა მოწვეული რიგგარეშე სესია. ამ ყველაფრის გაცნობიერებისას, ვთვლით, რომ ეს შესაძლოა, იყოს სწორი ნაბიჯი არა მხოლოდ „ლელოსგან“, არამედ პარლამენტისგან.

მგონია და დარწმუნებული ვარ, სწორი მიდგომებით და კრიტერიუმების შემუშავებით, ხუთი ასარჩევი კანდიდატურის თაობაზე კონსენსუსი შესაძლებელია. გვესმის, რომ ხუთივე ვერ იქნება ჩვენთვის მოსაწონი, მაგრამ შეიძლება იყოს რამდენიმე და ყველა თუ ამ გზით წავალთ, შესაძლებელია მივიღოთ კარგი შედეგი მართლმსაჯულებისთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, იყენებენ ამ შესაძლებლობას პროცედურულად, რომ კანდიდატებს შეხვდნენ.

„ძალიან მოკლე შეხვედრა, რომელიც გაიმართა, არ იყო სრულფასოვანი, ანუ კონსულტაცია რასაც დაარქვით. მინდა, საზოგადოებამ  იცოდეს, რომ არ იყო ყველა წარმოდგენილი ოპოზიციური ჯგუფებიდან, სადაც ითქვა გასაუბრების შესაძლებლობაზე იქამდე, ვიდრე დაასკვნიდა „ქართული ოცნება“ და ბრიფინგით გვაცნობებდა, რომ არ აპირებს შეუთანხმდეს ოპოზიციას და 16 კანდიდატი ჰყავს დასახელების გარეშე. ჩვენი მხრიდან ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, რომ პროცედურულად ამას არ გამოვიყენებდით. სწორედ ამიტომ ჩვენ აღარ გამოვაგზავნეთ წერილი. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა სამნიძემ.