კახა კალაძე - განცხადებები, რაც „ლელოსგან“ გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო, რომელიც ხაზარაძეს თავის წარსულიდან სდევს თან
კახა კალაძე - განცხადებები, რაც „ლელოსგან“ გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო, რომელიც ხაზარაძეს თავის წარსულიდან სდევს თან

ის განცხადებები, რაც „ლელოსგან“ გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო, თვითონვე დაამტკიცეს თავიანთი განცხადებებით, როდესაც კონკრეტიკაში შევიდნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, „ლელოში“ დაიბნენ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ.

„პენსიებთან დაკავშირებითაც ჯაფარიძე გამოვიდა და სხვა რაღაც თქვა, მისი თანაგუნდელები სხვა რაღაცას ამტკიცებდნენ, ეს ბევრ კითხვას იწვევს. კარგად ჩანს, რომ დიდი ბლეფია, ტყუილია, რომელიც ხაზარაძეს თავის წარსულიდან თან სდევს. გამიჭირდება ვთქვა, რა ვითარებაა მათ პარტიაში, ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. ჩვენ საარჩევნოდ ვემზადებით, დაწყებულია შეხვედრები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქში, რაიონში ვიყავით, შევხვდით მხარდამჭერებს“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, რატომ ესხმის თავს „ქართული ოცნება“ პარტია „ლელოს“, რაზეც მან აღნიშნა:

„„ქართული ოცნება“ არავის ესხმის თავს, ის თავს იცავს. იმდენი ცრუ ინფორმაცია, ბრალდება, შეურაცხყოფა მოვისმინეთ ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ“, – განაცხადა კალაძემ.