სალომე სამადაშვილი - „ვეტინგი“ ეფექტიანი საშუალებაა, წინ წახვიდე რეფორმის გზაზე, მინდა, სასამართლო კორპუსს მივმართო, ნურაფრის შეგეშინდებათ, იყავით გაბედული ქვეყნის მომავლის დაცვაში
სალომე სამადაშვილი - „ვეტინგი“ ეფექტიანი საშუალებაა, წინ წახვიდე რეფორმის გზაზე, მინდა, სასამართლო კორპუსს მივმართო, ნურაფრის შეგეშინდებათ, იყავით გაბედული ქვეყნის მომავლის დაცვაში

„ვეტინგი“ არის ძალიან ეფექტიანი საშუალება, რომ წინ წახვიდე შესაბამისი რეფორმის გზაზე, „ვეტინგს“ სთხოვენ მოლდოვას, მოთხოვნა იყო ასევე უკრაინისთვის, ეს არის სტანდარტული მოთხოვნა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ბალკანეთის ქვეყნებშიც ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა ევროკავშირს და სწორედ „ვეტინგის“ განხორციელების შემდეგ გახდა შესაძლებელი მათთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

„„Ვეტინგის“ მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან უკავშირდება იმას, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც გამოდის ამ უმძიმესი კომუნისტური მემკვიდრეობიდან, სასამართლო სისტემის რეფორმის ერთნაირი გამოწვევა აქვს. „ვეტინგი“ არის ძალიან ეფექტიანი საშუალება, რომ წინ წახვიდე შესაბამისი რეფორმის გზაზე. „ვეტინგს“ სთხოვენ მოლდოვას. „ვეტინგის“ მოთხოვნა იყო ასევე უკრაინასთან მიმართებაში, ეს არის სტანდარტული მოთხოვნა. საინტერესოა, ოდიშარია და სხვები, რომლებიც ხალხს ატყუებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მინდაო, როგორ აპირებენ, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირმა ჩვენთან, თუ ევროკავშირის მოთხოვნების იგნორირებას უკეთებენ. ეს ხომ შეუძლებელია.

„ვეტინგის“ სისტემა გახდა გადამწყვეტი იმისთვის, რომ, მაგალითად, ალბანეთთან დაწყებულიყო მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ცხადია, სასამართლოს რეფორმა ერთ დღეში შეუძლებელია. „ვეტინგის“ გარდა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ დაიშალოს მურუსიძის, სანქცირებული მოსამართლეების კლანი და სჭირდება კიდევ სხვა არაერთი რეფორმა, რომელიც გაწერილია ძალიან დეტალურად „ლელოს“ ხედვაში. ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში და ამ რეფორმების განხორციელება დავიწყოთ. ვიდრე მურუსიძე მართავს ამ ქვეყანას, ცხადია, არც „ვეტინგი“ და არც არანაირი სხვა რეფორმა არ ემუქრება სასამართლო სისტემას.

ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემაში გამოჩნდნენ გაბედული ადამიანები, ცხადია, იმ სასამართლო სისტემაშიც უმრავლესობა არის კეთილსინდისიერი ადამიანი, უბრალოდ ისინი ექვემდებარებიან კლანის მართვას. ახლა ვხედავთ, რომ კობახიძემ გადაწყვიტა, ზეწოლა განახორციელოს ამ მოსამართლეებზე. მინდა, მათ და მთლიან სასამართლო კორპუსს მივმართო, ნურაფრის შეგეშინდებათ, იყავით გაბედული ამ ქვეყნისა და მისი მომავლის დაცვის თვალსაზრისით. ეს ხელისუფლება უკანასკნელ დღეებს ითვლის და არავის დაავიწყდება იმ ადამიანების გამბედაობა, რომლებმაც ხმა ამოიღეს რეჟიმთან დაპირისპირების თვალსაზრისით“, – განაცხადა სამადაშვილმა.