„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს კითხვებით მიმართეს
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს კითხვებით მიმართეს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა, ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ იუსტიციის მინისტრს ოფიციალური განცხადებით მიმართეს.

განცხადებაში მოცემულია კონკრეტული კითხვები ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე.

„მოგმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მართალია, სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო არ არის მხარე, თუმცა გამოძიების შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ტერიტორიული მთლიანობის და ნდობის აღდგენის პროცესებზე.
მიგვაჩნია, რომ მთავრობის საქმიანობა ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების სულისკვეთებით. ჩვენთვის გასაგები და მისაღებია, რომ არის სენსიტიური საკითხები, რაზეც ბუნებრივია საჯაროდ საუბარი არ არის მიზანშეწონილი, თუმცა მეორეს მხრივ – რჩება მთელი რიგი საკითხები, სადაც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება აუცილებელია.

შესაბამისად, მოგმართავთ კითხვებით: იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რამდენი ადამიანია ჩართული აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლოსთან ურთიერთობის საკითხებში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მათი კვალიფიკაციის და რანგის შესახებ; ვინ წარმოადგენდა საქართველოს სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე. გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ წლების მიხედვით. თუ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა რომელიმე ასამბლეაზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტი; ყავს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას მოწვეული უცხოელი იურისტები/ექსპერტები აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მათი რაოდენობის, ვინაობის, კვალიფიკაციის და რანგის შესახებ; აგვისტოს ომში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირებაში პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები. როგორია სამინისტროს მხრიდან მათთან კოორდინაციის და თანამშრომლობის ფორმატი; რამდენჯერ და როდის გაიმართა აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საკითხის განხილვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ფორმატებში, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტში; ჰააგის სასამართლოსთან რუსეთის ართანამშრომლობის პირობებში, რა სტრატეგია აქვს საქართველოს შესაძლო დაკავების ორდერების აღსასრულებლად;

იუსტიციის მინისტრის მოადგილე არის სასამართლოს ფონდის (Trust Fund) წევრი. გთხოვთ მოგვაწოდოთ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სასამართლოში ახლა მიმდინარეობს სამომავლო რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა – რამდენად არის ჩვენი სახელმწიფო ამ პროცესში ჩართული და რა რეკომენდაციები წარუდგინეთ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს; რამდენად არის საქართველო ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართული; ცოტა ხნის წინ გაიმართა გასაუბრებები შერჩევის წინარე პროცესის შედეგად გამოკვეთილ ოთხ კანდიდატთან. იყო თუ არა საქართველოს წარმომადგენელი ჩართული გასაუბრების პროცესში და რა კითხვები დაუსვა კანდიდატებს, წამოწიეს თუ არა საქართველოს სიტუაციის გამოძიების საკითხი და რუსეთის ართანამშრომლობასთან დაკავშირებით დაუსვეს თუ არა კითხვები თუ როგორ აპირებენ პროკურორობის კანდიდატები ამ პრობლემასთან გამკლავებას; როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე არ არსებობს არც ერთი ქართველი ადვოკატი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება სასამართლოს წინაშე განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა. რა ღონისძიებებს ახორციელებს და/ან გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ქართველი ადვოკატებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რომ მათ ავტორიზაციის გავლა შეძლონ ჰააგის სასამართლოში და დაიცვან მაგალითად, ომით დაზარალებული ადამიანების ინტერესები“, – აღნიშნულია „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაში.