არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის სპეკულაციები მოსალოდნელი იყო, სიმართლე კი არის ის, რომ საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად იციან, რა პოზიცია აქვს ჩვენს ხელისუფლებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის სპეკულაციები მოსალოდნელი იყო, სიმართლე კი არის ის, რომ საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად იციან, რა პოზიცია აქვს ჩვენს ხელისუფლებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით

ოპოზიციის სპეკულაციები მოსალოდნელი იყო, სიმართლე კი არის ის, რომ საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან ნათლად და მკაფიოდ იციან, რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ხელისუფლებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს გამოჩნდა არა მხოლოდ ჩვენი განცხადებებით, არამედ საქმით, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა საქართველოს სიმართლე დამტკიცებულიყო და საქართველოს სიმართლეს გაემარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში. სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, შეკრიბა მტკიცებულებები, რომელმაც დაიქირავა ყველაზე გამოცდილი იურისტები და რომელმაც საქართველოს პოზიცია წარმატებით წარადგინა საერთაშორისო სასამართლოებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ოპოზიციის განცხადებებს, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, როდესაც თქვა, რომ 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყოფილიყო, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.

მისი თქმით, უკვე საერთაშორისო სამართლებრივ დონეზეა აღიარებული ის, რისთვისაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იბრძოლა.

„რომ საქართველოს მხარეს იყო სიმართლე, რომ რუსეთის მხრიდან იყო სამხედრო აგრესია და თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რისი შედეგიც არის განგრძობითი ოკუპაცია, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ ფორმატში დისკუსიის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ მას სხვადასხვა ეთერში ბევრჯერ უთქვამს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რეაქცია ძალიან ბევრი მიმართულებით დააგვიანა და ძალიან ბევრი მიმართულებით არასწორი ნაბიჯები გადადგა.

„იგივე მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ შევკრიბეთ წლების შემდეგ, სრულიად უყურადღებოდ იყო მიტოვებული სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ასევე, გახსოვთ, რომ მაშინ პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დააგვიანა, მიემართა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის და ძალიან ბევრი ხარვეზია, რომელიც რეალურად აისახა საქართველოს უსაფრთხოებაზე და მაშინდელ ომზე. ამიტომ, როდესაც მაშინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო ექსპერტები, სწორედ ამას გულისხმობენ, რომ მათ არ გადადგეს ყველა ის ნაბიჯი, რაც მაშინ ომის თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო. ამიტომ აქ სხვა ინტერპრეტაციები არ არის და არც შეიძლება, არსებობდეს ჩვენი მხრიდან“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.