ანრი ოხანაშვილი - 2008 წელს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, გაიხსნას სივრცე მსჯელობისთვის, დაგვჭირდება მეტი კონსულტაცია
ანრი ოხანაშვილი - 2008 წელს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, გაიხსნას სივრცე მსჯელობისთვის, დაგვჭირდება მეტი კონსულტაცია

2008 წელს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, გაიხსნას სივრცე მსჯელობისთვის, დაგვჭირდება მეტი კონსულტაცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაველოდებით და აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ახლავე მოვითხოვთ“.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, საკითხზე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს საზოგადოებას ეცნობება.

„ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რა გააკეთეს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო დონეზე, სტრასბურგის სასამართლოში ყოფილიყო დაცული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოკუპანტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მოიგო. შესაძლო დანაშაულებს რაც შეეხება, რასაც შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა კონკრეტული კრიმინალის მაშინ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელია, სივრცე გაიხსნას მსჯელობისთვის. ჩვენ დაგვჭირდება მეტი კონსულტაცია და ამის შემდეგ გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს საზოგადოებას ეცნობება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.