ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომის თემას მე არჩევნებამდე არ შევეხებოდი, მირჩევნია, ხალხმა არჩევნების დღეს კიდევ ერთხელ გამოუტანოს განაჩენი „ნაცმოძრაობას“
ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომის თემას მე არჩევნებამდე არ შევეხებოდი, მირჩევნია, ხალხმა არჩევნების დღეს კიდევ ერთხელ გამოუტანოს განაჩენი „ნაცმოძრაობას“

ჩვენ ქართული ჯარის პოზიციები, ღირსება დავიცავით და არავის მივეცით საშუალება, ქართული ჯარისთვის დაებრალებინა ის, რაც მას არ გაუკეთებია. „ნაცმოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, შედეგი აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა.

„ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი, ერთი ჰააგაში, მეორე – სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში ჩვენს სამხედროებს ადანაშაულებდა რუსული მხარე ომის დანაშაულის ჩადენაში და მეორე შემთხვევაში ქართველ სამხედროებს ადანაშაულებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ერთ და მეორე შემთხვევაში ჩვენი სამხედროები ყოფილიყვნენ სათანადოდ შეფასებული. არცერთ შემთხვევაში ჩვენს სამხედროებს არ დაურღვევიათ ადამიანის უფლებები და არ ჩაუდენიათ ომის დანაშაული. ჩვენ ეს პოზიცია დავიცავით, ჩვენ ქართული ჯარის პოზიციები, ღირსება დავიცავით და არავის მივეცით საშუალება, რომ ქართული ჯარისთვის დაებრალებინათ ის, რაც მას არ გაუკეთებია. თუმცა, ღმერთმა დაგვიფაროს, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო ამ პერიოდში ხელისუფლებაში, როცა წარიმართებოდა ეს სასამართლო პროცესები, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. გახსოვთ, მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ სააკაშვილმა დაიწყო ომი, არამედ ქართველ სამხედროებსაც დააბრალეს ომის დანაშაული მაშინ, კასეტური ბომბები და ა.შ. „ნაცმოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, ეს არის „ნაცმოძრაობის“, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, მეტი რესურსი არსებობს, რათა წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, რადგან აღარ ექმნება საფრთხე ქართული ჯარის, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, თავად არჩევნებამდე აგვისტოს ომის გამოძიების თემას არ შეეხებოდა.

„მე არ წამომიწევია თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი. მე არჩევნებამდე ამ თემას არ შევეხებოდი, ქართველ ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ უმძიმესი დანაშაულის, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. ხალხმა ყველაფერი იცის, ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის. მე, პირადად, არჩევნებამდე ამას არ შევეხებოდი, თუმცა ეს არის, მათ შორის, პარლამენტის გადასაწყვეტი და ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესები. მე არჩევნებამდე ამას არ შევეხებოდი. მირჩევნია, რომ არჩევნების დღეს ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუტანოს განაჩენი „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.