ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფარგლებში გამართულ კონცერტზე [ვიდეო]
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფარგლებში დუბაიში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მომღერლები და მსახიობები იღებდნენ, მათ შორის რიტა ორა და ჰიუ ჯეკმანი.
კონცერტის მიმდინარეობისას მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლთა ათეული სცენაზე ორჯერ გამოვიდა.
პირველად კონცერტზე მისულ მაყურებელს ფინალისტებზე მომზადებული მცირე კლიპები აჩვენეს, ხოლო მეორედ მასწავლებლები სცენაზე ჰიუ ჯეკმანის გვერდით ავიდნენ. მათ შორის იყო ფინალისტი საქართველოდან ლადო აფხაზავა.
მსახიობმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისთვის და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ „გლობალ თიჩერ 2019“-ის 10 ფინალისტი მსოფლიოდან და მათ შორის, ლადო აფხაზავა სწორედ ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა.
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
პედაგოგმა ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
დუბაიში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება და ღონისძიებას აშუქებს.