კუნძულ სულავესიზე გამოქვაბულში აღმოჩენილი ღორებზე ნადირობის ნახატი უძველესი ამბავია, რომელიც ადამიანმა აღწერა — #1tvმეცნიერება
კუნძულ სულავესიზე გამოქვაბულში აღმოჩენილი ღორებზე ნადირობის ნახატი უძველესი ამბავია, რომელიც ადამიანმა აღწერა — #1tvმეცნიერება

მრავალი ათასწლეულის წინ, თანამედროვე ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე, ადამიანებმა ზოგიერთი პიგმენტი შეაგროვეს და გამოქვაბულის კედლებზე ადამიანები და ღორები გამოსახეს.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ეს უძველესი გამოსახულებები შეიძლება შეიცავდეს ხელოვნების ფიგურალურ და თხრობით უძველეს მაგალითებს მთელ მსოფლიოში. გამოსახულებები 51 200 წლის წინანდელია — წინა რეკორდსმენებზე ათასობით წლით უფრო ძველი.

„ამ თხრობის შემადგენლობა, რომელიც ასახავს ღორებთან ურთიერთქმედებაში მყოფ ადამიანის მსგავს ფიგურებს, ხელოვნების განსახიერების, ვიზუალური ამბის თხრობის ჩვენთვის ცნობილი უძველესი მაგალითია მსოფლიოში. ჩვენი აღმოჩენები აჩვენებს, რომ ანთროპომორფული ფიგურებისა და ცხოველების ფიგურალურ განსახიერებას იმაზე ღრმა წარმომავლობა აქვს თანამედროვე ადამიანის (ჰომო საპიენსი) მიერ გამოსახულებათა კეთების ისტორიაში, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის არქეოლოგები, აგუს ოკტავიანა და მაქსიმ ობერტი ხელმძღვანელობდნენ.

კუნძულ სულავესის ერთ-ერთი მღვიმეში არსებული უძველესი ხელოვნების საგანძურის შესახებ არქეოლოგებისთვის რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი. 2019 წელს, ჯგუფმა, რომელშიც ობერტიც შედიოდა, დაადგინა, რომ მღვიმე ლინგ–ბულუ-სიპონგ 4-ში გამოსახული ადამიანის მსგავსი ფიგურები, რომლებიც ცხოველებს ეხვევიან, დაახლოებით 43 900 წლის წინანდელია. იმ დროისათვის, ის ჩვენთვის ცნობილი უძველესი მღვიმის მხატვრობა იყო, რომელშიც გარკვეული სახის თხრობა იყო წარმოჩენილი.

ორი წლის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც ობერტიც შედიოდა, სულავესიზე მღვიმის კიდევ ერთი მხატვრობა აღმოაჩინა. მათ წინაშე იყო უძველესი ნახატი, რომელიც რეალურ ობიექტს ასახავდა — ღორს. გამოსახულება სულ მცირე 45 000 წლის წინანდელი იყო.

ახალ კვლევაში დათარიღების ახალი მეთოდი გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ლინგ-ბულუ-სიპონგი 4-ის მხატვრობა იმაზე ძველია, ვიდრე გვეგონა — დაახლოებით 48 000 წლის. თუმცა, კიდევ უფრო ძველი აღმოჩნდა ახლომდებარე მღვიმე ლინგ-კარამპუანგში აღმოჩენილი ნახატი, რომელიც იქამდე დაუთარიღებელი იყო.

ახალ მეთოდს ურანის სერიის ლაზერულ-აბლაციურ ვიზუალიზაციას უწოდებენ და ეფუძნება გამოქვაბულში დალექილ კირქვებს. როდესაც მღვიმეში კირქვაში წყალი იჟონება, მცირე ოდენობის ურანს აგროვებს. შემდეგ, როცა წყალი მღვიმის მხატვრობაზე ჩაივლის, ლექავს კალციტის ფენას, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში აკუმულირდება — არც იმდენი, რომ ნახატი გადაფაროს, მაგრამ საკმარისი, რათა თხელი ფენა წარმოქმნას.

დროთა განმავლობაში, ურანი თორიუმად იშლება და ზუსტად არის ცნობილი ამ დაშლის მაჩვენებელი. გამომდინარე იქიდან, რომ თორიუმი წყალში არ იხსნება, კალციტის საფარში ამ ელემენტის ნებისმიერი გაზომვა უნდა წარმოადგენდეს ურანის კვალს, რომელიც მას შემდეგ დაიშალა, რაც ზედაპირის წყალი აორთქლდა ან გადაიარა.

ლაზერული აბლაციის გამოყენებით, მკვლევრებმა ურანისა და თორიუმის ნიმუშები მოხსნეს და გაზომეს. ვინაიდან რადიოაქტიური დაშლის მაჩვენებელი ცნობილია, ამ რაოდენობის საფუძველზე მათ გამოიანგარიშეს, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ნახატებზე კალციტი დაილექა.

დათარიღების ამ მეთოდის საფუძველზე, მკვლევრებმა გამოიანგარიშეს ლინგ-ბულუ-სიპონგ 4-ის გამოსახულებათა ასაკი.

შემდეგ ეს ლინგ-კარამპუანგის ნახატს მოარგეს, რომელზეც ძლიერ მკრთალი და დეგრადირებული წითელი პიგმენტით გამოსახულია ღორებთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანის მსგავსი სამი ფიგურა. შედეგად დადგინდა, რომ ის წარმოადგენს ფიგურათა უძველეს გამოსახულებას მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილთა შორის, როგორც ადამიანების, ისე ცხოველების; ამავე დროს, ასახავს გარკვეულ ამბავს, მიუხედავად იმისა, რომ დეტალები დროშია ჩაკარგული.

თუმცა, სულავესიზე და მეზობელ კუნძულ ბორნეოზე მღვიმეებში კიდევ ძალიან ბევრი სხვა უძველესი ნახატია აღმოჩენილი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს რეგიონი უდიდესი მნიშნვნელობისაა ჰომო საპიენსის კულტურულ ისტორიაში.

„ჩვენი დათარიღებითი სამუშაოს ერთი ბაზისი ის არის, რომ როგორც ჩანს, ცხოველებთან ურთიერთქმედი ანთროპომორფული ფიგურები სულავესის მღვიმის მხატვრობაში გვიანდელ პლეისტოცენში გამოჩნდა, თანაც ისეთი სიხშირით, როგორიც მსოფლიოში არსად გვხვდება, ევროლაში კი მხოლოდ 10 000 წლის წინ გამოჩნდა“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამბის თხრობის მდიდარი კულტურა ამ რეგიონში ჰომო საპიენსის დიდი ისტორიის ადრეულ ეტაპზევე განვითარდა, განსაკუთრებით კი სცენური გამოსახულებების გამოყენება ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობის ვიზუალურად მოსათხრობად.

კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.