კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსში ახალი სათავსო მოეწყობა
ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსში ახალი სათავსო მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის საყოფაცხოვრებო სათავსოს ჩასანაცვლებლად, ანალოგიური დანიშნულების ხის კონსტრუქციის ესკიზურ პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოამზადებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი კონსტრუქციის იერსახე ტიმოთესუბნის მონასტრის არქიმანდრიტთან და ეპარქიის მღვდელმთავართან შეჯერდება და ის ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის სინთეზური იქნება.
„ადგილობრივ სასულიერო პირებსა და სახელმწიფო უწყებას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე, ახალი კონსტრუქციის იერსახე ტიმოთესუბნის მონასტრის არქიმანდრიტთან და ეპარქიის მღვდელმთავართან შეჯერდება და ის ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის სინთეზური იქნება. ღვთისმსახურების პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი ობიექტის ეკლესიის ინტერიერში განთავსებამდე საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო კვლავ არსებულ ადგილზე დარჩება“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ტიმოთესუბნის მონასტერში საყოფაცხოვრებო სათავსოს განთავსების შედეგად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფს არქიტექტურული ნაწილების დაზიანების ნიშნები არ გამოუკვეთია, რამაც შესაძლო კანონდარღვევა სრულად გამორიცხა.
„ტიმოთესუბნის მამათა მონასტერში საყოფაცხოვრებო სათავსოს განთავსების შედეგად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფს არქიტექტურული ნაწილების დაზიანების ნიშნები არ გამოუკვეთია, რამაც შესაძლო კანონდარღვევა სრულად გამორიცხა. შეთანხმების თანახმად, სააგენტოს და მონასტრის სასულიერო პირების სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოებს ტიმოთესუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის სახურავის კონსტრუქციის განსაზღვრულ ფრაგმენტზეც განახორციელებს, საიდანაც ინტერიერში წყალი ჩაედინება“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.