ანა დოლიძე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობის ქირისთვის, სახელმწიფო ყოველთვიურად 10 000 დოლარს იხდის
ანა დოლიძე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობის ქირისთვის, სახელმწიფო ყოველთვიურად 10 000 დოლარს იხდის

სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის, ანა დოლიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის შენობის ქირაში ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 10 000 დოლარი იხარჯება.

ამის შესახებ ანა დოლიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფისთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ანა დოლძემ აღნიშნა, სააგენტო კონკრეტულ შენობაში 2016 წლიდან არის, რაც მისივე განცხადებით, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაა.

„გუშინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ბიუჯეტი იხარჯება ყაირათიანად და ადგილი არ აქვს კორუფციას. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ფლანგავს ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნაში დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იღებს შემწეობას, დაახლოებით 400 ათასი პენსიონერი არის ვალში „ლიბერთი ბანკთან“, ბავშვების დაახლოებით ოთხ პროცენტს არ აქვს სამი საბავშვო წიგნი,  დაახლოებით 10 000 სტუდენტს სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეჩერებული აქვს. ჩვენ წინაშეა სახელმწიფო დაწესებულება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელიც ყოველთვიურად 10 000 დოლარად ქირაობს შენობას. ამ შენობას კულტურული დაცვის სააგენტო ქირაობს 2016 წლიდან და მასში უკვე გადახდილი აქვს მილიონზე მეტი ლარი ამ თვეების განმავლობაში. ეს კონტრაქტი დადებულია შპს „სიყვარულთან და კოქტეილთან“, რომელთანაც სახელმწიფოს გადახდილი აქვს მილიონზე მეტი ლარი, იმ პირობებში, როდესაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი შენობა, ძალიან ბევრი კვადრატული მიწა, სადაც შესაძლებელია, განთავსდეს სახელმწიფო შენობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დატოვე კომენტარი