კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - საოფისე ფართის საიჯარო ღირებულებას სააგენტო საკუთარი შემოსავლებიდან იხდის
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საოფისე ფართის საიჯარო გადასახადთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტო საოფისე ფართის საიჯარო ღირებულებას საკუთარი შემოსავლებიდან იხდის.
ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმილია, სააგენტოსთვის სათანადო ფართის მქონე შენობა ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა, რის შემდეგაც სააგენტოს ცენტრალური ოფისი გადაინაცვლებს აღნიშნულ შენობაში.
„სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე არქეოლოგიური და სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო, საპროექტო, სანებართვო, დარგობრივი სამეცნიერო-საგამომცემლო და საგანმანათლებლო პროცესებზე, ითვლის 420-მდე თანამშრომელს და აერთიანებს 18 მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალს. თანამშრომელთა საერთო ოდენობიდან 170 თანამშრომელი დასაქმებულია ცენტრალურ ადმინისტრაციაში. აქედან მხოლოდ 50 თანამშრომელი მუშაობს რ. თაბუკაშვილის #5 მდებარე შენობის (სადაც მეტწილად განთავსებულია თბილისის სამხატვრო აკადემია) 500-მდე კვ.მ ფართობში, სადაც არქეოლოგიური, სამუზეუმო-საგამოფენო, საინფორმაციო სისტემების, საგანმანათლებლო და ხელოვნების ნიმუშთა გატანა-შემოტანის სამსახურებთან ერთად განთავსებულია უნიკალური არქივი.
კუთვნილი ფართის სიმწირის გამო, სააგენტო 2016 წლიდან მისი 120 თანამშრომლისთვის ქირაობს საოფისე ფართს კრწანისის ქუჩის 58 ნომერში. უმნიშვნელოვანესია, რომ სააგენტოს კრწანისის ქუჩაზე მდებარე საოფისე ფართის საიჯარო ღირებულებას იხდის საკუთარი შემოსავლებიდან (რომელიც წლიდან წლამდე მზარდია) და არა საბიუჯეტო დაფინანსებიდან. მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმილია სააგენტოსთვის სათანადო ფართის მქონე შენობა ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. კეთილმოწყობის შემდგომ, სააგენტოს ცენტრალური ოფისი გადაინაცვლებს აღნიშნულ შენობაში“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის, ანა დოლიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის შენობის ქირაში ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 10 000 დოლარი იხარჯება.