კრისტიან ურსე იმედოვნებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით ინციდენტები არ მოხდება
ვიმედოვნებ, სამართალდამცველი ინსტიტუტები შეძლებენ, თავიდან აირიდონ ნებისმიერი ინციდენტი, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განაცხადა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოში დღეს დაგეგმილ პრემიერასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საჯარო სივრცეში მუქარის შემცველი განცხადებები ისმის.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. სამწუხაროა, რომ ვისმენთ მუქარის შემცველ განცხადებებს საჯარო სივრცეში და ვიმედოვნებ, სამართალდამცველი ინსტიტუტები შეძლებენ, თავიდან აირიდონ ნებისმიერი ინციდენტი. ვიმედოვნებ, საერთოდ არ მოხდება ინციდენტი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კრისტიან ურსემ მედიასთან საუბრისას.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.