კრისტიან ურსე - საკონსტიტუციო შეთანხმების მიღწევა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო და ამ შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს
კრისტიან ურსე - საკონსტიტუციო შეთანხმების მიღწევა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო და ამ შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს

ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტის მიხედვით ჩატარდება და, რა თქმა უნდა, ბევრი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე არჩევნების „კოვიდ-19“-ის პირობებში ჩატარებას ეხება, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კრისტიან ურსემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსებობს საერთო ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების, სადამკვირვებლო მისიების, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ასევე სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომლებმაც გასცეს რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ველოდებით, რომ ეს ამ საპარლამენტო სესიის დროს მოხდება, ასევე ამ კონკრეტულ სიტუაციაში სხვა პრაქტიკულ ასპექტებსაც, სამედიცინო და სანიტარულ ასპექტებს წამოწევს. ეს ასპექტები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ამავე დროს უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს ხმის მიცემის უფლების გამოყენება. ჩვენ უკვე ბევრჯერ ვთქვით ჩვენს საჯარო განცხადებებში, რომ საკონსტიტუციო შეთანხმების მიღწევა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო და ამ შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს. მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულებას ყველა მხარე შეასრულებს“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კახა კუჭავასთან, ირაკლი კობახიძესთან, დაავადებათა კონტროლისა ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები ესწრებოდნენ.