კოტე კემულარია ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს
პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს არჩევნების წინ დაწყებულ პოლიტიკურ დევნად აფასებს.
მისი განცხადებით, კერძო პირის მიერ კერძო ბანკიდან სესხის აღება არ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული.
ამასთან, კემულარია ხაზარაძე-ჯაფარიძის პროკურატურაში ხელმეორედ დაბარებას ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებს.
„რა სახის დანაშაულია სესხის აღება ბანკიდან კერძო პირის მიერ, შეუძლებელია, პროკურატურაში არ იცოდნენ, რადგან არავითარი დანაშაული არ არის სესხის აღება. პრაქტიკულად, დღეს გვაქვს საქმე დევნასთან. დევნიან ხაზარაძეს, რადგან მისთვის უნდა ჩამოეშორებინათ ანაკლია და ჩვენ მოვისმინეთ გია ვოლსკის განცხადება, თურმე, ანაკლია არ არის კერძო პირების, თურმე, ანაკლია სახელმწიფო პროექტი ყოფილა. საიდან, როდის გახდა ანაკლია სახელმწიფოსი. დღემდე ანაკლია, ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ კერძო პირების, იმ კონსორციუმის საკუთრებაა, რომლის დამფუძნებლებიც კერძო პირები არიან, მათ შორის უცხოელებიც. შესაბამისად, თუ სურვილი ჰქონდა სახელმწიფოს, წაერთმია ხაზარაძისთვის ანაკლიის პროექტი და შემდგომ დაშანტაჟება, რათა ხელისუფლებაში დარჩენა ანაკლიის მეშვეობით მომხდარიყო, რა თქმა უნდა, უნდა აღძრულიყო საქმე გამოგონილი პირობებით ხაზარაძის მიმართ, ასევე ავთო წერეთლის მიმართ, რომელიც პარალელურად უკავშირდება „ტვ პირველს“, რომლის მფლობელიცაა წერეთლების ოჯახი. მაშინ ჩვენ ვიღებთ პოლიტიკურ დევნას არჩევნების წინ და ასეთ პირობებში, როგორ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები“, – აღნიშნა კემულარიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო არის თანხმობა, მათ შორის თანხმობა ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
„ეს ერთობლიობა ქმნის პირობებს, რომ ჩაატარო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ მივდივართ პირიქით. საჭიროა პოლიტპატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლება, დაუყონებლივ თანხმობის ჩამოყალიბება სახელმწიფოში და ასე მივალთ პროპორციულ არჩევნებამდე“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.
ავათანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. „გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით), – განაცხადეს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით 19:00 საათზე არიან დაბარებული პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.