მამუკა ხაზარაძე - არანაირი კომპრომისი, ბრძოლა იქნება ბოლომდე
მამუკა ხაზარაძე - არანაირი კომპრომისი, ბრძოლა იქნება ბოლომდე

ბიძინა ივანიშვილს ეს სპექტაკლი არ გაუვა, არანაირი კომპრომისი, ბრძოლა იქნება ბოლომდე, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ბოლომდე იბრძოლებენ, რათა დღეს არსებული სისტემა შეიცვალოს და ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„უპირველეს ყოველისა ჩემთვის და ბადრისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრის ჯანმრთელობა, ავთო წერეთლის, რომელიც პრაქტიკულად ჩააგდეს ისეთ მდომარეობაში, ისეთ სტრესში და ისეთ რეჟიმში, რომ მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო. ნებისმიერ სცენარში, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა ეს სპექტაკლი, ბრძოლა იქნება ბოლომდე, არანაირი კომპრომისი არ იქნება, არ იქნება კომპრომისი იმასთან დაკავშირებით, რა მენტალობაც მან დაამკვირდა საქართველოში, რა მენტალობაც გადმოიბარა მან წინა ხელისუფლებისგან. ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი და ნერგავს ამ მენტალობას, სამწუხაროდ, ახალგაზრდებაში, ახლაგაზრდა პროკურორებში, ახალგაზრდა მოსამართლეებში და ბოლომდე წამლავს ამ უკვე მოწამლულ სისტემას, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, რათა ეს სისტემა შეიცვალოს და ქვეყანა გაუმჯობესდეს“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი იყო ჩანიშნული.

სასამართლო სხდომა 25 თებერვლამდე გადაიდო.

სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა მიმართა.

ადვოკატმა მიზეზად ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.