კოტე ჩიკორაია - ქართულმა რეალობამ აჩვენა, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები კონსტიტუციური უმრავლესობისთვის იყენებდნენ
კოტე ჩიკორაია - ქართულმა რეალობამ აჩვენა, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები კონსტიტუციური უმრავლესობისთვის იყენებდნენ

ქართულმა რეალობამ აჩვენა, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები იმისთვის იყენებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონოდათ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, კოტე ჩიკორაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ანუ, ისინი ცდილობდნენ, მთელი ხელისუფლება, მთელი ძალაუფლება გაეკონტროლებინათ და მთავარი არსი, რასაც კონსტიტუციონალიზმი ეფუძნება, ანუ, ხელისუფლების დანაწილების იდეა, მთლიანად დანგრეული ყოფილიყო“, – განაცხადა ჩიკორაიამ.

მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემა ქმნიდა რეალობას, როცა 49%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიას პარლამენტში 80%-იანი წარმომადგენლობა ჰყავდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კი, 49%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიას 80%-ზე მეტი წარმომადგენლობა.

„წარმომადგენლობითი კომპონენტი დაცული არ იყო და შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობდა, რომ საზოგადოებაში ჭარბი ნდობით სარგებლობდა, სინამდვილეში, ამ სისტემით ჭარბი ძალაუფლება ჰქონდა“, – განაცხადა ჩიკორაიამ.

მისივე თქმით, მაჟორიტარულმა სისტემამ მოიტანა მათ შორის, მიმდინარე კრიზისი, რაც მხოლოდ გავრილოვთან დაკავშირებული პრობლემა არ იყო.

„ეს კრიზისი მათ შორის, იმით იყო გამოწვეული, რომ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტია იღებდა. მით უმეტეს, თუ გამოცდილებას შევხედავთ, საქართველოს ტიპის ქვეყნებში, არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს დიდი წილი აქვს და შესაბამისად, ის 49 ან 60% რეალურად, ამდენ მხარდაჭერას არ ნიშნავს“, – განაცხადა ჩიკორაიამ.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა აქვს ნულოვანი ბარიერის საწინააღმდეგო, რადგან ამ შემთხვევაში, ყველას თანაბარ პირობებში მოუწევს თამაში, კოტე ჩიკორაიამ განაცხადა, რომ როცა ერთჯერად ქცევაზე და მოქმედებაზეა საუბარი, ყველაზე რისკიანი მოდელი არ უნდა ავიღოთ.

„მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილებით ითვლება, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი ნულოვანი ბარიერია. მით უმეტეს, გამოუცდელი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებისთვის“, – განაცხადა ჩიკორაიამ.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა საარჩევნო სისტემა ასე მანიპულირებადია, შესაძლოა, ძალიან დიდი ფინანსური რესურსის მქონე ჯგუფებმა ხელი შეუწყონ პარლამენტში ისეთი პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მოხვედრას, რომლებიც შეიძლება, ქვეყნის დემოკრატიისთვის პრობლემა იყოს.