კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციაში გაწერა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლებლობა რომ იყოს, ცვლილებები განსახორციელებელია
კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციაში გაწერა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლებლობა რომ იყოს, ცვლილებები განსახორციელებელია

დღეს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირების შეუსრულებლობაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია და საზოგადოებას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს.

„იმ ადამიანებს, ვისი განაწყენებაც გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, არჩევნებზე მივიდნენ და პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ თავიანთი განაწყენება დააფიქსირონ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მხარს უჭერდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

„მე ვიყავი ერთ-ერთი მხარდამჭერი, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას და მიმაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის არსებული სისტემა, ან შეთავაზებული სისტემა 100-50-ზე არის იდეალური. ვფიქრობ, 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. დღეს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წელსაც არ განხორციელდეს და საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის შემთხვევაში შეიტანდა თუ არა „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში ცვლილებას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში გაწერა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის შესაძლებლობა რომ იყოს, ცვლილებები განსახორციელებელია ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„პარტიაში ამაზე არ მისაუბრია. ეს ჩემი პოზიციაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.