გიორგი კახიანი - შესაძლოა, პროპორციულმა სისტემამ თავის დროზეც ვერ გაამართლოს, მაგრამ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ქვეყანამ ეს ეტაპი უნდა გაიაროს
გიორგი კახიანი - შესაძლოა, პროპორციულმა სისტემამ თავის დროზეც ვერ გაამართლოს, მაგრამ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ქვეყანამ ეს ეტაპი უნდა გაიაროს

შესაძლოა, პროპორციულმა სისტემამ თავის დროზეც ვერ გაამართლოს და შემდგომ მის შეცვლაზეც ვიფიქროთ, მაგრამ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ქვეყანამ ეს ეტაპი უნდა გაიაროს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ამ ეტაპს რაღაცნაირად, თვალებში უნდა შევხედოთ და შევეცადოთ, რისკები, რომლებიც თეორიულად შეიძლება, იყოს, პოლიტიკურმა ჯგუფებმა რაღაცნაირად დავძლიოთ. ასეთ დროს ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ასეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ. რისკების დაძლევის მხოლოდ ეს საშუალება შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ნაწილი ასე არ ფიქრობს“, – განაცხადა კახიანმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წელსაც ეჭვქვეშ დადგეს, თუ ეს საკითხი პლებისციტზე გავა და საზოგადოების უმრავლესობა პროპორციულ სისტემას მხარს არ დაუჭერს, კახიანმა განაცხადა, რომ ზოგადად, დემოკრატიულ სახელმწიფოში პლებისციტი აუცილებელი მოვლენაა და თუ დღის წესრიგში ამის აუცილებლობა დადგება, პლებისციტი მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჩატარდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ამ ეტაპზე ეს საკითხიც არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, მაგრამ რა გითხრათ?! თუ ეს შეიძლება, გამოსავალი იყოს ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა ვართ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა, ამაზე იყოს ფიქრი, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ უმრავლესობაში ამ თემის განხილვა არ ხდება“, – განაცხადა კახიანმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ 2020 წლის არჩევნები ჩაიშალოს, თუ ოპოზიცია ამ არჩევნების ბოიკოტირებას მოახერხებს, როგორც ეს გიგი უგულავამ განაცხადა და ასეთ შემთხვევაში ჩატარდება თუ არა შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, კახიანმა აღნიშნა, რომ თუ 2020 წლის არჩევნები ჩაიშლება, სამართლებრივად, შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, მაგრამ 2020 წლის არჩევნების ჩაშლის რესურსს ვერ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ რესურსს იმისა, რომ ვერ ჩატარდეს. 2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ამ არჩევნებს ჩვენ სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატარებთ. თუმცა, თუ სამართლებრივად მეკითხებით, შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, 5%-იანი ბარიერის პირობებში“, – განაცხადა კახიანმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საპარლამენტო ფორმატი და დისკუსიის რეჟიმია.