კორონავირუსის ცილების ახალი კვლევა მიუთითებს, რატომ ვრცელდება ის ასე ადვილად და სწრაფად
როდესაც რაიმე ახალი დაავადება ჩნდება, მეცნიერები დაუყოვნებლივ მოქმედებას იწყებენ, რომ მის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ, რადგან ეს დაავადების შეჩერების თითქმის ერთადერთი გზაა.
ერთ-ერთი ასეთი კვლევა სულ ახლახან დაასრულა მინესოტის უნივერსიტეტის ჯგუფმა, რომელიც COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის ზედაპირიდან გამოშვერილი „წვეტი“ ცილების სტრუქტურას სწავლობდა. ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა ხელს შეუწყობს ახალი პრეპარატის შექმნას.
„ზოგადად, ვირუსული ცილის სტრუქტურულ მახასიათებელთა შესწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის უჯრედთან კონტაქტს ვირუსის სწორედ ეს ნაწილი ამყარებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევქმნათ პრეპარატები, რომლებიც ამ მახასიათებლებს ეძებენ და ბლოკავენ მათ აქტივობას, შეიძლება ითქვას, რომ ახშობენ მათ რადარს“, — განმარტავს მინესოტის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მკვლევარი ფენგ ლი.
რენტგენული კრისტალოგრაფის გამოყენებით, ჯგუფმა წვეტი ცილების 3D მოდელი შექმნა, რომელიც იმეორებდა, თუ როგორ ბოჭავენ ისინი ადამიანის უჯრედებს (ამ ყველაფერს ხედავთ ფოტოზე).
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტო სულაც არ ჰგავს კორონავირუსის იმ გამოსახულებებს, რომლებსაც ალბათ ყოველდღე ხედავთ, ეს გახლავთ ბიოლოგებისთვის წარმოუდგენლად იმედისმომცემი მოდელი. მისი საშუალებით ისინი ვიზუალურად ხედავენ, რამდენად ცილაში მომხდარ პატარა მუტაციას რამდენად სხვადასხვანაირი ნაკეცებისა და შვერილების წარმოქმნა შეუძლია, ეს მახასიათებლები კი შემდეგ ცვლიან იმ გზებს, რომლითაც ვირუსული ნაწილაკი ჩვენი უჯრედების რეცეპტორებს ეკრობა.
ჯგუფმა დაადგინა, რომ SARS-CoV-2-ის კორონავირუსულ შტამს აქვს მხოლოდ რამდენიმე მუტაცია, რაც განსაკუთრებულად კომპაქტურ „გამონაშვერს“ წარმოქმნის წვეტ ცილაში.
ეს გამონაშვერი კიდევ უფრო კომპაქტურია SARS ვირუსში და შეიძლება სწორედ ეს იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ახალი შტამი ასე ადვილად შედის და აინფიცირებს ადამიანს, რაც საბოლოოდ იწვევს დაავადება COVID-19-ს.
„3D სტრუქტურა გვაჩვენებს, რომ იმ ვირუსისგან განსხვავებით, რომელმაც 2002-2003 წლებში SARS-ის ეპიდემია გამოიწვია, ახალ კორონავირუსს განვითარებული აქვს ადამიანის რეცეპტორის შებოჭვის ახალი სტრატეგია, რომლის საშუალებითაც ის მას უფრო მჭიდროდ ეკვრის“, — უთხრა ლიმ The Guardian-ს.
მისი თქმით, ადამიანის რეცეპტორზე ასე მჭიდროდ მიკვრა ვირუსს ადამიანის უჯრედის ადვილად ინფიცირებასა და ადამიანებს შორის გავრცელებაში ეხმარება.
ჯგუფმა ასევე შეისწავლა კორონავირუსის ასეთივე შტამები ღამურებსა და პანგოლინებში. შედეგად დაადგინეს, რომ ღამურის შტამს რამდენიმე მუტაცია უნდა განეცადა, რათა მის წვეტ ცილებს ის ფორმა მიეღო, რომელიც ადამიანის უჯრედს კარგად ეკვრის.
თუმცა, პანგოლინში აღმოჩენილი კორონავირუსის ერთი კონკრეტული შტამი განსაკუთრებით კარგად მოერგო ადამიანის რეცეპტორს, რამაც ცოტა უფრო მეტი წონა შესძინა ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც პანგოლინები ამ ვირუსის შუამავალი მასპინძელი (ღამურასა და ადამიანს შორის) აღმოჩნდა.
ჯგუფს იმედი აქვს, რომ ახალი მოდელი მკვლევართა სხვა ჯგუფებს ამ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ვაქცინების შექმნაში დაეხმარება.
„ჩვენი კვლევა შეიძლება ერთგვარი სახელმძღვანელო აღმოჩნდეს მონოკლონური ანტისხეულების შესაქმნელად, რომლებმაც პრეპარატის მსგავსად უნდა იმოქმედონ — ამოიცნონ და გააუვნებელყონ წვეტი ცილების ის ნაწილი, რომლიც ადამიანის უჯრედის რეცეპტორს ეკვრის; ანდაც, ეს ნაწილი შეიძლება ვაქცინის შექმნის საფუძველი გახდეს“, — ამბობს ლი.
თუმცა, ამ ეტაპზე საჭიროა დიდი სიფრთხილე. კვლევები ყოველდღიურად იხვეწება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი იმედისმომცემია, კვლევის დროს გამოიყენეს ვირუსის წვეტი ცილის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი — მისი მბოჭავი დომენი და შესაბამისად, შეიძლება, ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველი იყოს.
ეჭვგარეშეა, მეცნიერები ამ ვირუსის ყოველ ასეთ დეტალს თანდათან გაარკვევენ და ჩვენ ყველა, მას აუცილებლად დავამარცხებთ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.