კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიაწიგნიერების ექსპერტმა, რენე ჰობსმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიაწიგნიერების ექსპერტმა, რენე ჰობსმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევების, განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოიყვანა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, სადაც რენე ჰობსმა დამსწრე აუდიტორიას მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელსაც 100-მდე სტუდენტი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა.

„ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ გახსნა და კომუნიკაციების კომისიის როლზე, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის დანიშნულებაზე, საინფორმაციო ეპოქაში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. აუდიტორიის წინაშე ასევე მისასალმებელი სიტყვით წარდგა თსუ-ს პრორექტორი ნინო გვენეტაძე, რომელმაც პროფესორ რენე ჰობსთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს საინტერესო დღე უსურვა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, ასევე ამ მიმართულებით არსებული ტენდენციები და ის გამოწვევები, რომლებიც მედიაწიგნიერების სწავლების კუთხით მთელ მსოფლიოში არსებობს.

„ჩვენ ვდგავართ დემოკრატიისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გამოწვევების წინაშე, ამიტომაც გვჭირდება მედიაწიგნიერების სწავლების ახალი გზები, რადგან მედიაწიგნიერება გვიცავს სტერეოტიპებისგან, მანიპულაციისგან, ყალბი ინფორმაციისგან. ის ასევე გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს კონტროლი ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რათა გავაკეთოთ სწორი არჩევანი“, – განაცხადა რენე ჰობსმა.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ პროფესორისთვის კითხვები დაესვათ.

„მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიამ 24 ოქტომბერს, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრით გახსნა. მოგვიანებით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა, რაც ლინდა ლიუკასის პედაგოგებთან შეხვედრით, შემდგომ მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონით და რენე ჰობსის საჯარო ლექციით გაგრძელდა. მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 31 ოქტომბერს შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, სადაც მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაერო-ს, ევროკავშირის, UNICEF-ისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი პირები, Ofcom-ის წარმომადგენელთან ერთად მიიღებენ“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

კომუნიკაციების კომისიის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.