კომუნიკაციების კომისიამ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის „რუსთავი 2“ და „ჯიდიეს თივი“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის „რუსთავი 2“ და „ჯიდიეს თივი“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეების საჩივარი დააკმაყოფილა და ,,რუსთავი 2“ და „ჯიდიეს თივი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო დააჯარიმა.

თითოეულ ტელეკომპანიას 2 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

საქმე ეხება მაუწყებლების მიერ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებას.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანიებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების მინიჭების წესის აღსრულების ნაწილში. აღნიშნული სამართალდარღვევა მაუწყებლებისთვის ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა კომისიაში საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ, სრულად ამოიღო დარღვევით განთავსებული ფილმები, ხოლო ,,ჯიდიეს თივიმ“ – ნაწილობრივ.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ,,ჯიდიეს თივი“ ვალდებულია, არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალის კანონით აკრძალულ დროს განთავსება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

„ბავშვის უფლებათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მაუწყებლებმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ დღის შემდეგ მონაკვეთებში:

18 წლამდე მოზარდისთვის შეუსაბამო პროგრამა 06:00-დან 24 საათამდე;

15 წლამდე მოზარდისთვის 06:00-დან 23:00 საათამდე;

12 წლამდე მოზარდისთვის 06:00-დან 21:00 საათამდე;

7 წლამდე მოზარდისთვის 06:00-დან 21:00 საათამდე.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს საფრთხისშემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს, კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

მიმდინარე წელს ძალაში შევიდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილება, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში განთავსებული საფრთხისშემცველი ინფორმაციისგან დაიცავს. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ მშობლებს ეძლევათ მოქნილი მექანიზმები შვილებისთვის ისეთ ვირტუალურ სივრცეებთან წვდომის შესაზღუდად, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.