კომუნიკაციების კომისია - ინოვაციურ პროექტ Sheamotsme.ge-ს 2019 წელს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა
კომუნიკაციების კომისია - ინოვაციურ პროექტ Sheamotsme.ge-ს 2019 წელს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა

კომუნიკაციების კომისიის ინტერნეტის ხარისხის კონტროლის ინოვაციურ პროექტს ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, Sheamotsme.ge-ის მომხმარებლების რაოდენობა 2020 წელსაც დინამიურად იზრდება.

მათვე ინფორმაციით, 2019 წელს sheamotsme.ge-ის საშუალებით ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე 38,623 აბონენტმა შეამოწმა, საიდანაც ინტერნეტის ხარვეზი 400 -ამდე აბონენტს დაუფიქსირდა, დღეს ყველა მათგანს ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტი მიეწოდება.

„2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24 საათიანი მექანიზმი – Sheamotsme.ge შექმნა. ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის კონტროლის მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით  კომუნიკაციების კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია განახორციელა. კამპანიის ფარგლებში სოციალურ მედიაში 6 ვიდეორგოლი განთავსდა. ვიდეორგოლები ჯამში 3,700,000-მა ინტერნეტ მომხმარებელმა ნახა. კამპანიის ფარგლებში, ინფორმაცია ვიდეოებთან ერთად, საინფორმაციო პოსტებითა და ბანერებით, სოციალური მედიის მეშვეობით, სულ  4,900,000-მა მომზმარებელმა მიიღო. კამპანიის შედეგად, ინტერნეტ მომხმარებლებმა უკვე იციან, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შევიდნენ sheamotsme.ge-ზე, შეამოწმონ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი, ამავე ვებ-გვერდიდან მარტივად გამოგზავნონ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი – Sheamotsme.ge შექმნა, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

Sheamotsme.ge, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს 24-საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ ზომებს ატარებს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.