კომეტის გარშემო უცნაური ულტრაიისფერი ციალი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
პოლარული ციალი — იონიზებულ ნაწილაკთა კიაფი დედამიწის ზედა ატმოსფეროში მხოლოდ ჩვენს პლანეტას არ ახასიათებს.
ეს მოკაშკაშე ფენომენი მზის სისტემის ყველა სხვა პლანეტის ატმოსფეროშია შემჩნეული მერკურის გარდა. ციალი იუპიტერის თანამგზავრებზე — განიმედესა და ევროპაზეც კი შენიშნეს.
თუმცა, ასეთი ციალი ამ დრომდე არასოდეს იყო დაფიქსირებული კომეტაზე.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „როზეტას“ მიერ შეგროვებული მონაცემების ახალი ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შორ ულტრაიისფერ ციალისებრ რადიაციაში ანათებს სივრცე კომეტა 67P ჩურიმოვ-გერასიმენკოს (67P/C-G) გარშემო.
„დედამიწის ციალებს 50 წელიწადია ვსწავლობ. მოულოდნელი და მომაჯადოებელია ციალის აღოჩენა კომეტა 67P/C-G-ის გარშემო, რომელსაც მაგნიტური ველი არ გააჩნია“, — ამბობს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკოსი ჯიმ ბარჩი.
ციალს წარმოქმნის დამუხტულ ნაწილაკთა აღგზნება ატმოსფეროში.
მაგალითად, აქ, დედამიწაზე, მზის ქარი მაგნიტოსფეროს ურტყამს და იქ დამუხტულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებს.
ნაწილაკები წვიმასავით მოდის ზედა ატმოსფეროში და მიემართება პოლუსების მაგნიტური ველის ხაზებისკენ, სადაც ისინი სინათლის ფარდებივით ირხევა.
ეს პროცესი სხვადასხვა სხეულზე სხვადასხვაგვარია. განიმედესა და ევროპაზე ციალს წარმოქმნის ურთიერთქმედება იუპიტერის მაგნიტურ ველთან.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვენერას საკუთარი მაგნიტური ველი არ გააჩნია, მაგრამ მზის ქართან ურთიერთქმედება იმდენად ძლიერია, რომ ციალი მაინც წარმოიქმნება.
მარსის ატმოსფერო უკიდურესად თხელია, მაგრამ მისი სუსტი მაგნიტური ველი ციალის წარმოსაქმნელად მაინც საკმარისია.
იუპიტერის მუდმივი ციალები არა მზის ქარი, არამედ ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი მექანიზმი განაპირობებს.
მიუხედავად იმისა, რომ სატურნის მთავარი ციალური სარტყელი მზის ქარის მიერ ჩანს წარმოქმნილი, მისი გარკვეული მონაკვეთები მაინც იდუმალებით არის მოცული.
კომეტა 67P/C-G-ს ოდნავი მანგიტური ველიც არ აქვს, მაგრამ გააჩნია ატმოსფერო — გაზის საბურველი, სახელად კომა, რომელიც აქტიური კომეტის ბირთვის გარშემო მაშინ ჩნდება, როდესაც ის მზესთან საკარისად ახლოს მივა და მასში ჩაჭედილი ყინული აორთქლებას (სუბლიმირება) იწყებს.
სწორედ ამ კომაში დააფიქსირა ხომალდ „როზეტას“ სპეტქროგრაფმა ნათება შორ ულტრაიისფერ სინათლეში (FUV). გარდა ამისა, ინსტრუმენტმა კიდევ უფრო დიდი სიურპრიზიც იპოვა — მზის ქარის ელექტრონები.
„თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება კომეტა 67P-სთან წარმოადგენდა დღის ნათების სახელით ცნობილ ფენომენს, პროცესს, რომელიც გამოწვეულია კომეტის გაზთან მზის ფოტონების ურთიერთქმედებით“, — ამბობს ასტრონომი ჯოელ პარკერი.
მისივე თქმით, შემდეგ გაირკვა, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ციალი იყო, რომელსაც იწვევდა არა ფოტონები, არამედ მზის ქარში არსებული ელექტრონები, რომლებიც კომაში შემავალ წყლისა და სხვა მოლეკულებს შლიდნენ და კომეტის ახლომდებარე გარემოში ჩქარდებოდნენ. შედეგად მიღებული აღგზნებული ატომები კი წარმოქმნიდა ასეთ განსხვავებულ სინათლეს.
ამის შემდეგ, ჯგუფმა კომეტიდან ერთი კვირის განმავლობაში გაზის გამოყოფის სიმულაცია შექმნა და დაადგინა, რომ კომეტის გარშემო არსებული პლანეტათშორისი მაგნიტური ხაზები საკმარისია, რათა უზრუნველყოს გზა მზის ქარის ელექტრონების იმ პოტენციალით აჩქარებისთვის, რასაც კომეტის ბირთვის გარშემო კომეტური პლაზმის მიერ წარმოქმნილი ელექტრული ველი ქმნის.
იმის გამო, რომ კომეტას საკუთარი მაგნიტური ველი არ გააჩნია, ციალი მიმოფანტულია და ძლიერ განსხვავდება მზის ქარის მიერ დედამიწასა და მარსზე წარმოქმნილი შემოსაზღვრული ციალებისგან.
მკვლევართა განცხადებით, აჩქარებისა და აღგზნების პროცესის კომბინაციის გამო, კომეტა 67P/C-G-ის ციალი უნიკალურია მთელ მზის სისტემაში.
ამ აღმოჩენამ შეიძლება ახალი გასაღები შემოგვთავაზოს მზის სისტემის მასშატბით ციალების წარმოქმნის შესასწავლად.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია swri.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.