ჩრდილოეთის ცაში პოლარული ციალის სრულიად ახალი ტიპი აღმოაჩინეს
ჩრდილოეთის ცაში პოლარული ციალის სრულიად ახალი ტიპი აღმოაჩინეს

ფიზიკოსებისა და მოყვარული ასტრონომების თანამშრომლობის შედეგად, აღმოჩენილია ციალის ფენომენის აქამდე უცნობი სახე.

„დიუნების“ სახელით ცნობილი ეს კაშკაშა, ჭავლური ტალღების მსგავსი წარმონაქმნები ციალის არც ერთ ცნობილ კატეგორიაში არ ჯდება და მისი დოკუმენტირება მხოლოდ ახლა ფინეთში მოხერხდა, მოყვარულ ფოტოგრაფთა და პროფესიონალ ასტრონომთა თანამშრომლობის შედეგად.

შეიძლება გაგახსენდათ „სტივი“ — ლენტის მსგავსი ასტრონომიული ფენომენი, რომელიც 2017 წელს აღმოაჩინეს.

თუმცა, როგორც კვლევის შედეგად გაირკვა, სტივი პოლარული ციალი არ იყო და უფრო წარმოადგენდა ამავე სახის ატმოსფერულ ნათებას, რომელიც წარმოქმნილი იყო დედამიწის იონოსფეროში შემოსული დამუხტული ნაწილაკების მიერ.

ჰელსინკის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, წიგნ „აურორა ბორეალისის“ (ჩრდილოეთის ციალი) ავტორმა მინა პალმორთმა თავის წიგნში განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ე. წ. დიუნებს, რადგან იმ დროისათვის ისინი ციალის არც ერთ ცნობილ სახეობას არ ერგებოდა.

წიგნის გამოქვეყნებიდან მალევე, ფინელ მოყვარულ ფოტოგრაფთა ჯგუფმა ცაში დიუნების ფენომენი კვლავ გადაიღო და ფოტოები საკვლევად პალმორთსა და მის კოლეგებს გადასცეს.

კვლევა მათ ახლახან დაასრულეს და გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ახსნილია, რას წარმოადგენს ეს დიუნები სინამდვილეში.

მკვლევართა განცხადებით, დიუნები ჩნდება ზედაპირიდან დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე, მეზოსფეროს ზედა ნაწილში და ერთდროულად მოჩანს ფინეთისა და შვედეთის სხვადასხვა ადგილებიდან.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ფენომენი, რომელიც შვიდ სხვადასხვა დროს გადაიღეს, უნდა წარმოადგენდეს ე. წ. მეზოსფერული მოქცევის მაგალითს, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ატმოსფეროში არსებულ ჟანგბადის ატომთა ტალღებს აღაგზნებს მზის ქართან ურთიერთქმედება, რის შედეგადაც ჩნდება კაშკაშა, დიუნების მსგავსი ეფექტები.

როგორც მკვლევრები წერენ, დიუნებს ისინი უკავშირებენ ჟანგბადის სიმკვრივის რყევებს, რაც ატმოსფეროში ცვალებადობას სძენს აღგზნების სამიზნეების ცვალებადობიდან მომდინარე ციალურ ემისიებს.

რა ახსნაც არ უნდა ჰქონდეს ამ ფენომენს, ნამდვილად შთამაგონებელი ამბავია იმისა, როგორ შეუძლია ნებისმიერს ჩაერთოს მეცნიერებაში. მკვლევართა განცხადებით, მათი ნაშრომი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მოყვარულ მეცნიერთა ღირებულებას მეცნიერებაში.

კვლევა ჟურნალ AGU Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.