კომეტა თუ ასტეროიდი - მზის სისტემის ვარსკვლავთშორისი სტუმარი ასტრონომთა გაოცებას განაგრძობს
შარშან, მზის სისტემას სხვა ვარსკვლავური სისტემიდან მოსული სიგარის ფორმის ობიექტი ესტუმრა. ოუმუამუა, როგორც მას მეცნიერებმა უწოდეს, თავდაპირველად კომეტად ჩათვალეს.
ობიექტის კვლევა აქტიურად განაგრძო ევროპის კოსმოსური სააგენტოს მკვლევართა ჯგუფმა.
მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ მომავალი ობიექტი ტელესკოპებმა პირველად 2017 წლის ოქტომბერში შენიშნეს. მას შემდეგ, ჩვენი პირველი ვარსკვლავთშორისი სტუმარი ასტრონომებს ხან კომეტა ეგონათ, ხანაც ასტეროიდი.
ოუმუამუას არ ჰქონდა ყინულოვანი კომეტისთვის დამახასიათებელი კუდი, ანუ კომა. იტალიელი ასტრონომის, მარკო მიჩელისა და მისი ჯგუფის აზრით, ობიექტის მარშრუტი და აჩქარება საუკეთესოდ აიხსნებოდა არა მხოლოდ გრავიტაციით, არამედ კომეტიდან გამომავალი აირებითაც.
ობიექტიდან გამოჟონილი ნივთიერებები მეცნიერთა აზრით ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირორჟანგი და წყალია. მკვლევართა თქმით, ისინი ოუმუამუას მხოლოდ ძალიან მცირე ძალას ანიჭებენ, 1000-ჯერ უფრო პატარას, ვიდრე მზის გრავიტაციის ეფექტი; შესაბამისად, ისინი მის მარშრუტზე მხოლოდ ოდნავ გავლენას უნდა ახდენდნენ.
„თუმცა, ბოლო დაკვირვებები იმდენად ზუსტია, რომ ჩვენ დანამდვილებით ვხედავთ, პოზიცია შეცვლილია გამოყოფილი გაზების წყალობით“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, NASA-ს მკვლევარი პოლ ჩოდასი.
კვლევის ავტორი, მარკო მიჩელი აღმოჩენას ამაღელვებელს უწოდებს.
მისი თქმით, როგორც კომპიუტერული მოდელები გვთავაზობს, ასეთი ობიექტები პლანეტური სისტემების ფორმაციის დროს გამოიტყორცნება. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ დროს ისინი თავიანთ სისტემის კიდეებზე იყვნენ განლაგებული, ამ განდევნილთა უმეტესობა კომეტები უნდა იყოს. მეცნიერთა აზრით, მათი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება იყოს ასტეროიდი.
„ოუმუამუა რომ ასტეროიდი ყოფილიყო, მართლაც ძალიან დიდ იღბალთან გვექნებოდა საქმე“, — აღნიშნავს მიჩელი.
ოუმუამუა ჩვენთვის ცნობილი პირველი ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოიჭრა. პროტოპლანეტური ობიექტი გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მას შემდეგ, ის ასტრონომთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია.
არის ძალიან გამორჩეული. აქვს ფორმა, რომელიც მანამდე არასოდეს უნახავთ მისი ტიპის ობიექტებში — სიგრძეში დაახლოებით ათჯერ გრძელია, ვიდრე სიგანეში.
ასობით მილიონი წელია, დაჰქრის კოსმოსში, თანაც ძალიან უცნაური გზით — ბზრიალებს ერთი ბოლოდან მეორისკენ.
ოუმუამუა პირველად ჰავაიში განთავსებულმა ტელესკოპმა Pan-STARRS 1-მა შენიშნა. ასტროფიზიკოსები მალევე მიხვდნენ, რომ როგორც მისი ტრაექტორია და სიჩქარე მიუთითებდა, იგი მზის სისტემაში გარედან იყო შემოჭრილი, შეიძლება სულაც მეზობელი ვარსკვლავის მიერ ყოფილიყო გამოტყორცნილი.
მაგრამ მის შესახებ კიდევ რჩებოდა რაღაც უცნაური. თავდაპირველი დაკვირვებები მიუთითებდა, რომ იგი კომეტა იყო, მაგრამ შემდგომმა დაკვირვებებმა ვერ გამოავლინა კომეტებთან დაკავშირებული ვერანაირი მახასიათებელი, შესაბამისად, მას ასტეროიდის კატეგორია მიენიჭა: პირველი შემთხვევა, როდესაც კომეტის კატეგორია ასტეროიდით შეიცვალა.
მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი უცნაურობა ოუმუამუას შესახებ. როგორც თავდაპირველმა გათვლებმა აჩვენა, ასტეროიდი მოსულია ქნარის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავ ვეგას მიმართულებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ იგი მოძრაობს უკიდურესად მაღალი, 95 000 კმ/სთ სიჩქარით, (სიჩქარე ზოგჯერ 315 000 კმ/სთ-საც აღწევს) მას 300 000 წელიწადი დასჭირდებოდა ვეგადან დედამიწამდე მოსაღწევად — და კიდევ, 300 000 წლის წინ, ვეგა სულაც არ იყო ამჟამინდელ ადგილზე.
მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ობიექტი რომელიღაც ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავური სისტემიდან არის მოსული.
ოუმუამუა უკვე მზის სისტემის კიდეებისკენ მიემართება და შემდეგ, მასაც დატოვებს. ამჟამად ის იუპიტერის ორბიტის მიდამოებში იმყოფება, 2019 წლის იანვარში მიაღწევს სატურნის ორბიტას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს სამეზობლოს დატოვებს, კიდევ დიდხანს იბზრიალებს კოსმოსში.
მომზადებულია Associated Press-ისა და esa.int-ის მიხედვით.