კოლუმბიის პრეზიდენტი - „ფარკის“ ყოფილ მებრძოლებს კოლუმბიის სამხედრო ძალასთან გამკლავება მოუწევთ
„ფარკის“ ყოფილ მებრძოლებს, რომლებმაც სამშვიდობო შეთანხმებას ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებების რიგებში გადასვლა არჩიეს, კოლუმბიის სამხედრო ძალასთან მოუწევთ გამკლავება, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა განაცხადა.
კოლუმბიაში შიშობენ, რომ ეს დაჯგუფებები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.
თითქმის ერთი წლის წინ დაჯგუფება „ფარკმა“ კოლუმბიის ხელისუფლებასთან 50 წლიანი ომი შეწყვიტა, იარაღი ჩააბარა და თავი მშვიდობიან პოლიტიკურ პარტიად გამოაცხადა.
თუმცა, კოლუმბიის სახალხო დამცველი ამბობს, რომ დემობილიზაცია „ფარკის“ სრულ შემადგენლობას არ გამოუცხადებია და პარტიზანების გარკვეული რაოდენობა, 700-დან 1000-მდე მებრძოლი, კვლავ განაგრძობს ანტისამთავრობო ქმედებებს.
კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებით, ამ მებრძოლების მიმართ არავითარი დანდობა არ იქნება. ამასთან, სანტოსის შეფასებით, მოწინააღმდეგეთა რიგებში დარჩენილი ყოფილი „ფარკელების“ რაოდენობა 15%-ზე დაბალია, რაც მსგავსი გარდამავალი პროცესების დროს ბუნებრივი მაჩვენებელია.