მედიის ცნობით, კოლუმბიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკოკარტელის ლიდერი დააკავეს
მედიის ცნობით, კოლუმბიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკოკარტელის ლიდერი დააკავეს

კოლუმბიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკოკარტელის ლიდერი დააკავეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დაირო ანტონიო უსუგა, ცნობილი მეტსახელით – „ოტონიელი“, შეიარაღებული და საჰაერო ძალების, ასევე, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად აიყვანეს.

ხელისუფლებას მასზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოდ 800 000 ამერიკული დოლარის ოდენობის თანხა ჰქონდა დაწესებული. აშშ კი, მასზე ინფორმაციისთვის 5 მილიონ დოლარს იხდიდა.

ტელემიმართვისას, ქვეყნის პრეზიდენტმა ივან დუკემ ოტონიელის დაკავება 1990-იან წლებში პაბლო ესკობარის დაცემას შეადარა.

ოტონიელი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ერთ-ერთ დასახლებაში აიყვანეს. ოპერაციაში 500 სამხედრო პირი და 22 ვერტმფრენი იყო ჩართული. სპეცოპერაციას ერთი სამართალდამცველი ემსხვერპლა.