კოლუმბიაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ესპანელ კონკისტადორ სებასტიან დე ბელალკასარის ძეგლი დააზიანა
კოლუმბიაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ესპანელ კონკისტადორ სებასტიან დე ბელალკასარის ძეგლი დააზიანა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პოპაიანში მოხდა. აღნიშნული ქალაქი 1 537 წელს, სწორედ სებასტიან დე ბელალკასარმა დააარსა.
მისაკის თემის ლიდერები აცხადებენ, რომ ბელალკასარი გენოციდის და მონობის სახეა. პოპაიანის მერის სიტყვებით, ეს იყო ძალადობრივი ქმედება მულტიკულტურული ქალაქის სიმბოლოს წინააღმდეგ. სებასტიან დე ბელალკასარი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში უამრავ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. მისაკის საზოგადოება კონკისტადორს წინაპრების მკვლელობებსა და მიწის მიტაცებაში ადანაშაულებს.
სებასტიან დე ბელალკასარის სახელი ეკვადორის, ნიკარაგუისა და კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილების დაპყრობას უკავშირდება. მონობასთან და კოლონიალიზმთან დაკავშირებული ქანდაკებების დაზიანება აშშ-სა და ევროპაში საპროტესტო აქციებისთვის – „შავების ცხოვრება მნიშვნელოვანია“ არის დამახასიათებელი.
აქციები მაისში, პოლიციის ოპერაციის დროს აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ გამოიწვია.