კოკა გუნცაძე 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე დაიკითხა 
კოკა გუნცაძე 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე დაიკითხა 

საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო სამსახურის უფროსი კოკა გუნცაძე 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე დაიკითხა.

კოკა გუნცაძემ აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შესვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ღია ძალადობას.

„ჩვენ დავიწყეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები გაერთიანებაზე, რათა შეგვეჩერებინა ხელისუფლება. მაშინ შემოგვთავაზა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები და დასრულდა უშედეგოდ. ჩვენი მოთხოვნები იყო პროპორციული არჩევნების ვადებში ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ შეხვედრას ნინო ბურჯანაძე, პავლე კუბლაშვილი და გიგა ბოკერია ესწრებოდნენ. ამის შემდეგ გამოცხადდა შიმშილობა და მოთხოვნები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შეიცვალა. 5-6 ნოემბრისთვის გვქონდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება აპირებდა აქციის დაშლას. ეს ინფორმაციები მოგვდიოდა შსს-ში ჩატარებული თათბირებიდან. 7 ნოემბერს გამთენიისას მირეკავს ხაინდრავა და მეუბნება, რომ მოხდა დარბევა. ჩვენ მივედით პარლამენტთან, წინ დაგვხვდა პოლიციის კორდონი იქ გავაგრძელეთ აქცია და ხალხს მოვუწოდებდით მისვლისკენ,  ამ დროს გამოჩნდა სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანები, შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია აქციის დარბევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე იყო ნაცემი და საავადმყოფოში გადაყვანილი“, – განაცხადა კოკა გუნცაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილებას მიიღეს, რომ წასულიყვნენ რიყეზე, თუმცა იქაც დაიწყო დარბევა

„აქაც წამოვიდა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი. ხალხთან ერთად გადავწყვიტეთ სამების ეზოში ასვლა. ამის შემდეგ მივიღე ინფორმაცია, „ტელეიმედში“ მიმდინარე სპეცოპერაციაზე”, – განაცხადა გუნცაძემ.

7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს.