შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ძალაუფლება არასდროს დაუბრუნდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ყოველთვის გაურბის თვალი ძალადობისკენ, 7 ნოემბრის შემოქმედებს ხალხი არ ენდობა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ძალაუფლება არასდროს დაუბრუნდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ყოველთვის გაურბის თვალი ძალადობისკენ, 7 ნოემბრის შემოქმედებს ხალხი არ ენდობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 7 ნოემბრის შემოქმედთა დამოკიდებულება და რიტორიკა არ შეცვლილა, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მათ არ აქვთ ძალაუფლება.

პაპუაშვილის თქმით, 2012 წლიდან ცხრა არჩევნები ჩატარდა და ქართველი ხალხი 7 ნოემბრის შემოქმედებს არ ენდობა.

„ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი, სხვადასხვა მხრიდან – ზოგი იყო აქციის მონაწილე, ზოგი ჟურნალისტი „იმედში“, რომელიც მაშინ დაარბიეს, ზოგი, როგორც მოქალაქე, ამ ყველაფრის მიმართ თანაგრძნობას იჩენდა. ვფიქრობ, მთლიანად საზოგადოებამ ვისწავლეთ, რომ ხალხის მხარდაჭერილი ვერ იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ეფუძნება ძალადობას. ჩვენ რასაც ვხედავთ, იგივე ხალხია, ვინც არიან 7 ნოემბრის შემოქმედები. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ არ აქვთ ძალა, რაც მაშინ ჰქონდათ, თუმცა მიზნები, შემართება, დამოკიდებულება, რიტორიკა, არაფერი შეცვლილა. თუ დავფიქრდებით, მათ შორის „იმედის“ მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, შევხედავთ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ საერთოდ არაფერი შეცვლილა. შეიცვალა ერთადერთი ის, რომ მათ ქართველმა ხალმა ჩამოართვა ძალაუფლება, შესაძლებლობა, ხალხზე იძალადონ.

ჩვენი ამოცანაა, ქართველ ხალხს დავეხმაროთ, რომ ძალაუფლება არასდროს დაუბრუნდეს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც გამოირჩევა აგრესიით მათ მიმართ, ვინც მათი თანამოაზრე არ არის და ყოველთვის თვალი გაურბის ძალადობისკენ. ამიტომ, ეს არის ყველაზე მთავარი გაკვეთილი და ამ გაკვეთილზე ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა. 2012 წლიდან მოყოლებული, უკვე ცხრა არჩევნები ჩატარდა და ქართველი ხალხი 7 ნოემბრის შემოქმედებს არ ენდობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.