კობა ნარჩემაშვილი - მოქმედმა და ყოფილმა სამხედრო პირებმა უნდა დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და სამხედრო ფორმაში ჩაცმულები არ ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში
თუ ვინმეს აქვს სურვილი, მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, კეთილი ინებოს, გაიხადოს საბრძოლო საველე ფორმა, ჩაიცვას სამოქალაქო ტანსაცმელი, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და როგორი განცხადებებიც უნდა ისეთი აკეთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
კობა ნარჩემაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა, რომლების თავიანთი ცხოვრების მანძილზე დაეუფლნენ სპეციალურ ცოდნას და ამ ცოდნის გამოყენება სამოქალაქო პირობებში საკმაოდ სახიფათოა, უნდა მოერიდონ ამგვარ განცხადებებს.
„სამხედრო პირები, სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პოლიტიკურად ნეიტრალურები უნდა იყვნენ. საქართველოში არასოდეს არავის დაუყენებია ეჭვქვეშ 2008 წელს სამხედროების გმირობა და მათი თავდადება. აქ პრეტენზიები ეხებოდა იმჟამინდელი პოლიტიკური ელიტის მოქმედებებს და მათ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ომთან მიმართებით. ეჭვქვეშ არც დევი ჭანკვეტაძის პირადი გმირობა და მოქმედებები დაუყენებია ვინმეს.
აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, როცა სამხედრო მოქმედია ან ყოფილი, საველე ფორმით გამოდის, ეს საზოგადოებაში აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს და იწვევს შეშფოთებას. აი ამ შეშფოთების გაჩენისთანავე, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ მოუწოდოს, მიმართოს ყველა სამართალდამცავი თუ სამხედრო დაქვემდებარების პირებს, ან მოქმედებს ან ყოფილებს, რომ მათ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაიცვან, სამხედრო ფორმაში ჩაცმულები არ ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
დევი ჭანკოტაძემ გუშინ მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.