კობა ნარჩემაშვილი -ახალმა კონსტიტუციამ ახალი ტიპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემნის აუცილებლობა გამოიწვია
კობა ნარჩემაშვილი -ახალმა კონსტიტუციამ ახალი ტიპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემნის აუცილებლობა გამოიწვია

ვინაიდან სრულად გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, აუცილებლობა დადგა ახალი ტიპის ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის,-ამის შესახებ დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალმა კონსტიტუციამ ახალი რეალობა შექმნა.

„აღნიშნული კანონპროექტის შემოთავაზება იმ აუცილებლობითაა განპირობებული, რაც ახალ კონსტიტუციასთან თავსებადია. მიმაჩნია, რომ შესაძლოა, პროცესები დახვეწას მოითხოვდეს. ძირითადად, ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანოს სახით, ეფექტური ორგანო გვქონდეს, სადაც შესაძლებელი იქნება მიმდინარე პროცესებზე ეფექტური რეაგირება და გადაწყვეტილებების მიღება. პრეზიდენტი აღმასრულებელი პირი აღარ არის. ის თავისი სტატუსის მიხედვით მთავრობის მეთაურია და საომარი მოქმედებების დროს ფუნქციები, რომელიც სტატუსის მიხედვით აქვს, უნარჩუნდება“,-აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი, იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური. კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო არის პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.

„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.