კობა ნარჩემაშვილი - დარწმუნებული ვარ, ევროპელ კოლეგებს ევროპის საბჭოს მინისტერიალის გამო საქართველოში ვითარების გამწვავება არ აინტერესებთ
კობა ნარჩემაშვილი - დარწმუნებული ვარ, ევროპელ კოლეგებს ევროპის საბჭოს მინისტერიალის გამო საქართველოში ვითარების გამწვავება არ აინტერესებთ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში უნდა ჩატარდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში კობა ნარჩემაშვილი საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალია, კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარება.

„ოთხი თვით ადრე, ცარიელ ნიადაგზე, შესაძლებელია, თავად რუსეთის დახმარებით ხდება ქვეყნის შიგნით ორი პარტიის დამოკიდებულების გამო სიტუაციის დაძაბვა. საზოგადოებამ ეს უნდა გაიაზროს. რუსეთი დელეგაციის შემადგენლობას თითქოს შეგნებულად არ აცხადებს, საქართველოში არსებულ ვითარებას აკვირდება, პროცესი როგორ გამწვავდება და სოციალურ კატაკლიზმამდე როგორ შეიძლება მივიდეს. ამაზე ერთი პარტიაც უნდა დაფიქრდეს, რომელიც ერთ ამბავს ტეხს და მეორე პარტიაც, რომელმაც რაღაც ღონისძიებები უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს კომიტეტის ჩატარების გამო საქართველოში ვითარების გამწვავება არ აინტერესებთ. ამიტომ, ყველა ზომას მიიღებენ, რომ რაიმე დაძაბულობა არ შეიქმნას. პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ოპოზიცია ნუ იფიქრებს, რომ პასუხისმგებლობა არ აქვს, რადგან ეს ქვეყანა ყველასია“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.