კობა ნარჩემაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანში მომხდარზე პასუხისმგებელი პირები მალე უნდა გამოკვეთოს
კობა ნარჩემაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანში მომხდარზე პასუხისმგებელი პირები მალე უნდა გამოკვეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, უფრო სწრაფად უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება, ვინც 16 დეკემბერს კახეთში კანონს აშკარად არღვევდა და პოლიციელების წინააღმდეგ მოქმედებდა.

ჟურნალისტებთან საუბარში კობა ნარჩემაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს უფლება აქვთ, თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენონ.

„კანონდამრღვევთა დაკავება აუცილებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ჩადენილი. როცა შესწავლის შემდეგ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხების მოკვლევა უფრო უნდა გააქტიუროს და პასუხისმგებელი პირები მალე გამოიკვეთოს. თუ სამართალდამცავების მხრიდან ჰქონდა კანონდარღვევას ადგილი, სათანადო ზომები მათ მიმართ უნდა განხორციელდეს, თუ მოქალაქეების მხრიდან, მაშინ მათ მიმართ უნდა იყოს ზომები მიღებული“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება დავით კირკიტაძის დაკავებას, დეპუტატის თქმით, ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს და სასამართლომ გადაწყვიტოს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება კახეთში, 16 დეკემბერს რამდენჯერმე მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.