როგორ ვითარდებოდა მოვლენები გურჯაანში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე [ფოტო, ვიდეო]

გურჯაანში, ველისციხესთან დილიდან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.

აქციაზე პრობლემები შეექმნათ ჟურნალისტებსაც. კერძოდ, მომიტინგეები მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს.