კობა ნარჩემაშვილი - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ჯგუფურ, განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირება წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია
კობა ნარჩემაშვილი - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ჯგუფურ, განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირება წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია

ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ექსპერტიზა ცალსახად ამბობს, რომ მართალია სიკვდილი დადგა დახრჩობით, მაგრამ მას სიკვდილამდე წინა პერიოდში მიღებული აქვს სხეულის დაზიანებები, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა აღნიშნა, ვინაიდან, ასეთი დაზიანებები არსებობს და ეს არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, ე.ი არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასეთი დაზიანებები მიაყენეს.

„ამ ადამიანების იდენტიფიცირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. კერძოდ, ვინ არიან, კონკრეტულად რამდენი ადამიანი აყენებდა ზიანს. ამ თვალსაზრისით კვალიფიკაციის შეცვლა და ჯგუფურ განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირება წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. წესით, ხელს გაუხსნის გამოძიებას უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ყველაფერი გამოძიების საკითხია. კრიმინალისტური ტექნიკისა და ტაქტიკის. უამრავი მეთოდი არსებობს, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. არც კი მინდა დავუშვა, რომ ასეთი სახის საქმეებზე ვიღაც არსებობდეს და ისეთი უვიცი იყოს, რომ ისეთი საქმეები პოლიტიკურ ნებას დაუმორჩილოს, რომელიც პირდაპირ პროპორციულად შეიძლება აისახოს მის ხელისუფლებაში ყოფნასა და სტაბილურობაზე. ამის დაშვებაც კი არ მინდა, საზოგადოების ინტერესი იმდენად დიდი და მაღალია, თუ ვინმე იმას შეეცდება, რომ რაღაც დამალოს, მისთვის ეს ტრაგიკულად შებრუნდება“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.