საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რუს მონაწილეებს უნდა დაუსვას კითხვა, რატომ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
კობა ლურსმანაშვილი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მივიდა, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გაიხსნა.
„ვიყავი პირველი, როდესაც 18 წლის ასაკში საოკუპაციო ჯარების მიმართ გამოვთქვი პროტესტი და არ წავედი რუსეთის ჯარში. ეს არის ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა პირები მონაწილეობენ. მინდა, თვალებში ჩავხედო მათ და ვკითხო, რა ამოძრავებთ, თუნდაც ასეთი ტიპის ფორუმზე. მინდა, მოვთხოვო მათ უკან წაიღონ იმდროინდელი აღიარება, რომელიც მიუღებელია ჩემთვის. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია. მათ უნდა მოვთხოვო პასუხი, რატომ აღიარეს აფხაზეთი“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქცია იმართება.
19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა.